გერმანული იდეალიზმი, დიალექტიკა

დაბოლოებულისა და დაუბოლოებლის დიალექტიკა გერმანულ იდეალიზმში

  • დემური ჭიღლაძე
  • 29 აგვისტო, 2025

შესავალი

არსებობს განცდა, რომელსაც ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ატარებს, ეს არის - საკუთარი შეზღუდულობის მძაფრი შეგრძნება უსასრულოს ფონზე. ადამიანი იბადება საზღვრებით, მაგრამ ოცნებობს უსაზღვროზე. მისი გონება მუდმივად მიისწრაფვის იმ სიმაღლეებისკენ, რომელთა მიღწევაც შეუძლებელია. გერმანულ იდეალიზმში ეს ძაფი ერთდროულად ფილოსოფიური და ეგზისტენციალურია: როცა დასრულებული არსება ცდილობს ჩასწვდეს იმას, რაც თავისი ბუნებით დაუბოლოებელია - სამყაროს, აბსოლუტს, ღმერთს. იდეალისტური დიალექტიკის მთავარი მომენტია სუბიექტის მცდელობა - თავისი დაუბოლოებლობა დაბოლოებულში წარმოადგინოს და დაბოლოებულში დაუბოლოებლობა აღმოაჩინოს. ე.ი., გონება ცდილობს დაუბოლოებელი კატეგორიულ (დაბოლოებულ) ფორმებში მოაქციოს. კანტი, როგორც გერმანული იდეალიზმის სათავე, პირველი მიდის ამ მოსაზრებასთან, მაგრამ მისთვის გონების ეს მიდგომა, მართალია, აუცილებელია, მაგრამ დაუშვებელია, რადგანაც წინააღმდეგობა მისთვის ადამიანის გონების დაბოლოებულობის შედეგია და არა - რეალური მოცემულობა. ის, რასაც გერმანული იდეალიზმი საწყის პუნქტად და თავის პრინციპად აღიარებს, კანტისთვის შეცდომის მაჩვენებელია. დიალექტიკის შინაარსი კანტის თეორიასა და სხვა გერმანულ იდეალისტურ თეორიებში დაახლოებით იგივეობრივია, მაგრამ იმ დროს, როცა ფიხტე, შელინგი და ჰეგელი ფიქრობდნენ, რომ გონების ასეთი მოღვაწეობა სავსებით კანონიერია, კანტის აზრით, გონების დიალექტიკა, თუმცა აუცილებელია, მაგრამ - უკანონო.

შესაბამისად, იდეალისტური დიალექტიკის შინაარსი არის დაბოლოებული გონებისა და დაუბოლოებელი გონების ბრძოლა, სხვა სიტყვებით, დაბოლოებულ გონებაში დაუბოლოებელი გონების მოქმედება, მისი მოხსნა და შენახვა, ან, დაუბოლოებელი გონების დაბოლოებულ გონებად გარდაქმნა და მასში დაუბოლოებელი გონების მიერ საკუთარი თავის, დაუბოლოებლის აღმოჩენა. ამ ურთიერთობაში, რომელიც დიალექტიკურია, არის სწორედ დიალექტიკური მეთოდის შინაარსი, რომლის განხილვაც კანტიდან უნდა დავიწყოთ.

I. დაბოლოებულისა და დაუბოლოებელის დიალექტიკა იმანუელ კანტის ფილოსოფიაში

კანტის ფილოსოფიაში შემმეცნებელი ცნობიერება შემეცნების პროცესში შეიცნობს ბუნებას, ე.ი. ტრანსცენდენტალური სუბიექტის კანონზომიერებას. მისთვის ბუნების კანონზომიერების შეცნობა არის ტრანსცენდენტალური სუბიექტის შეცნობა, რა პროცესსაც აწარმოებს ემპირიული სუბიექტის სიღრმეში მყოფი ტრანსცენდენტალური სუბიექტის მომენტი, ანუ დაუბოლოებელის ნაწილი დაბოლოებულში. კასირერი კანტის ბუნების შესახებ წერს: „ბუნება წარმოადგენს არა ცდის ობიექტების სისავსეს, არამედ ამ ცდის ზოგადი კანონების ერთობლიობას“ (ბაქრაძე, 1982). აქედან ნათელია, რომ, კანტის აზრით, ბუნება მთლიანად ტრანსცენდეტალური სუბიექტის მიერაა შექმნილი და ზუსტად აქ ჩნდება დაბოლოებულ სუბიექტსა და დაუბოლოებელ გონებას შორის ბრძოლა, რომელიც კანტმა ხელოვნურად ტერმინით - ნივთი თავისთავადით - შეაჩერა, რათა გზა რწმენისთვის მიეცა, მაგრამ საკითხი გადაუჭრელი დარჩა, რაც გერმანული იდეალიზმის მთავარი პრობლემა გახდა. დაბოლოებული სუბიექტიდან კი დაუბოლოებელ სუბიექტზე გადასვლა ტრანსცენდეტალური მეთოდის იდეალისტურ-დიალექტიკურ მეთოდად გარდაქმნას მოასწავებს.

კანტთან დაბოლოებულისა და დაუბოლოებლის საკითხი ტრანსცენდენტალურ დიალექტიკაში წარმოჩინდება. საკითხი შემდეგგვარადაა დასმული: რადგანაც ცდის ყოველი საგანი მოვლენას წარმოადგენს, შესაბამისად, იგი ყოველთვის განპირობებული და დაბოლოებულია, შესაბამისად, რადგანაც ჩვენ ცდაში ყოველთვის ფენომენი გვაქვს და არა ნივთი თავისთავადი, ამიტომაც ცდაში არასდროს მოგვეცემა უპირობო და დაუბოლოებელი. დაუბოლოებელი არ არის შემეცნების საგანი, რადგანაც არც ერთი მოვლენა არ არის დაუბოლოებელი და პირიქით - დაუბოლოებელი არ არის მოვლენა, იგი შემეცნების საზღვარია და წარმოადგენს ნივთს თავისთავად. ნივთი თავისთავად შეუძლებელი ცნებაა განსჯის თვალსაზრისით, მაგრამ, როგორც შემეცნების სააზღვარი, იგი აუცილებლობას წარმოადგენს. იგი გონების ცნებაა და მისი მიზანი სწორედ ეს დაუბოლოებელი საგანია, მაგრამ იგი შესაძლებელი ცდის ფარგლებს სცდება, ამიტომ იგი აუცილებელიცაა და შეუძლებელიც. როგორც ცდის საგანი - ის შეუძლებელია, როგორც მიზანი გონებისა, რომელიც დაუბოლოებლის მოაზრებისკენ მიისწრაფვის კი - აუცილებელი. ცდა ფართოვდება დაუბოლოებლად და ამ მიზნის განხორციელებას ცდილობს. დაუბოლოებელი წინსვლა, როგორც ეს მისი სახელწოდებიდანაც ჩანს, ვერასოდეს ვერ მიაღწევს მიზანს.

მაგრამ, საქმე იმაშია, რომ სამყაროს მთლიანობა არა შესაცნობი ობიექტი, არამედ იდეაა. გონება იდეას შესაცნობ საგნად აღიქვამს და შესაბამისად დიალექტიკურ წინააღმდეგობათა ქსელში ეხვევა. ეს წინააღმდეგობა კანტისთვის გონებას ახასიათებს და არა სინამდვილეს, მისთვის სინამდვილე თავისუფალია წინააღმდეგობებისაგან. გონება ერთსა და იმავე დროს ორი საწინააღმდეგო დებულების ჭეშმარიტებას ამტკიცებს, ამიტომ მისი წინააღმდეგობა ანტინომიურია. პირველი დებულება წარმოადგენს თეზისს, მეორე კი ანტითეზისს. კანტი მსგავს ანტინომიურ დებულებათა ოთხ წყვილს აღმოაჩენს, იგი დაბოლოებულისა და დაუბოლოებელის ანტინომიის თეორიაა. მთელი სინამდვილე კანტმა ორ ნაწილად გათიშა, ერთ ნაწილში თეზისია გაბატონებული, მეორეში კი ანტითეზისი. თუმცა, ნამდვილი მონისტური დიალექტიკა, რომელიც გერმანულ იდეალიზმში ჰპოვებს სრულყოფას, აღადგენს სინამდვილის მთლიანობას და მასში დაბოლოებულსა და დაუბოლოებელს შეაჯერებს. სინამდვილეს აქვს უნარი საკუთარ თავში აღმოაჩინოს წინააღმდეგობა და დაძლიოს იგი. დაბოლოებული და დაუბოლოებელი ერთმანეთს ავსებენ სინამდვილემდე, სინამდვილე მათი სინთეზია, მაგრამ კანტთან ამის მხოლოდ ჩანასახია მოცემული.

II. დაბოლოებულისა და დაუბოლოებელის დიალექტიკა ფრიდრიხ იაკობის ფილოსოფიაში

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გერმანული იდეალიზმის დიდი ოთხეულის გარდა, საინტერესოა ფრიდრიხ იაკობის მიდგომაც. მისი აზრით, ვერანაირად ვერ მოხერხდება გონების განსჯამდე დაყვანა, რადგანაც განსჯის გარდა არსებობს მასზე უფრო მნიშვნელოვანი "საზრისის" აღქმის უნარი, რაც შესაბამისად უშვებს არაგრძნობად ინტუიციას. ამდაგვარად, იაკობის გონების თეორიაში საფუძველშივეა მოცემული დაბოლოებული და დაუბოლოებელი გონების ბრძოლის ნიშნები. იგი იყენებს ნების ორ განსხვავებულ და გარკვეული თვალსაზრისით დაპირისპირებულ ცნებას. პირველ შემთხვევაში, ნება წარმოდგენილია, როგორც არჩევანის თავისუფლების პრინციპი, რომელსაც გარკვეული მიზანი გააჩნია და რომელიც ყოველდღიურ პროცესში გამოვლინდება. მეორე შემთხვევაში კი,a ნება არის როგორც "ყოვლადი ნება", რომელიც უმიზნო, თვისებებისგან და მისწრაფებებისგან დამოუკიდებელი თვითქმედებაა, ანუ თავისუფლებაა. იაკობი თვლის, რომ ნების ამ თავისუფალ საფეხურზე ადამიანს აქვს შესაძლებლობა ღმერთთან, ანუ დაუბოლოებელთან, უშუალო მიმართებისა. თავისუფლების ამგვარი მოდუსის გამოხატვა და დაუბოლოებელ-დაბოლოებულის პრობლემის გადაწყვეტა მისთვის შესაძლებელია რელიგიაში "წმინდა სიყვარულის" უნარით.

III. დაბოლოებულისა და დაუბოლოებელის დიალექტიკა ფიხტეს ფილოსოფიაში

განვითარების შემდეგი ეტაპი ფიხტეა, რომელმაც ნივთი თავისთავადი მოხსნა და მთავარ დებულებად დასახა სუბიექტის დადგენა „მე“-ს მიერ. ფიხტემ ჩამოაყალიბა პირველად, რომ დაუბოლოებელი სუბიექტი თავის თავს მხოლოდ დაბოლოებულ სუბიექტში შეიცნობს, აბსოლუტური "მე" მხოლოდ შემოსაზღვრულ "მე"-ში გაცნობიერდება. დაბოლოებული სუბიექტი იმდენად შეიცნობს დაუბოლოებელს, რამდენადაც დაუბოლოებელი საკუთარ თავს დაბოლოებულში შეიცნობს. ეს თითქოსდა პარადოქსული აზრი, რომელიც ჰეგელის ფილოსოფიაში დასრულდება, უკვე ფიხტესთან გვხვდება, რომ ადამიანი სინამდვილისა და ბუნების ის მომენტია, რომელიც დაასრულებს სინამდვილის დიალექტიკურ პროცესს, რადგანაც მსოფლიო სულის განვითარების ბოლო ეტაპი, „für sich“-ად ქცევა, ადამინში ხდება. ესაა დაბოლოებულისა და დაუბოლოებლის სასრული, რომელიც ფიხტეს ფილოსოფიაში არ ხორციელდება.

საკითხს თანმიმდევრობით რომ მივყვეთ, ფიხტეს დიალექტიკის შინაარსი შემდეგია: დაუბოლოებელი სუბიექტი თავის თავს დააბოლოებს, ხოლო დაბოლოებულში დაუბოლოებელი სუბიექტი მოქმედებს. სხვაგვარად, "მე" დაადგენს საკუთარ თავს - ის არის „an sich“, " მე " შეიცნობს საკუთარი თავის დადგენას - ის არის „für sich“. შესაბამისად, "მე" არა მხოლოდ „an sich“ არის, არამედ „für sich“-იც: "მე" არის მოქმედება და ამ მოქმედების გათვითნობიერებაც ამავდროულად. კანტისეული „ნივთი თავისთავადის“ უარყოფის შემდეგ ფიხტე ასკვნის, რომ ის, რაც თავისთავად არსებობს, უკვე აღარ არის ნივთი, არამედ აბსოლუტური სუბიექტი, რომლიდანაც უნდა წარმოიშვებოდეს მთელი სინამდვილე. მის გარეშე არაფერი არსებობს, აბოლუტური "მე" შექმნის ყველფერს საკუთარი თავიდან. აბსოლუტურ „მე“-ში ორი სახის მოქმედება განირჩევა: დაუბოლოებელი „მე“-ს დაუბოლოებელი მოქმედება — ანუ თავისუფლება და განუსაზღვრელობა. ეს არის ის ასპექტი, რომელიც თვით მოქმედებას ობიექტად აქცევს. ხოლო სუბიექტისა და ობიექტის დაყოფის საშუალებით დაუბოლოებელი „მე“ საკუთარ თავს თავისსავე წინააღმდეგობად ევლინება და ამგვარად მას დაბოლოებულად გარდაქმნის. თუმცა, დაუბოლოებელი "მე"-ს ეს მოქმედება, თავისი თავისადმი მიმართული, მასსავე უბრუნდება, ამიტომაც დაუბოლოებელი „მე“ დაბოლოებულ „მე“-ში საკუთარ მოქმედებას ამოიცნობს. შესაბამისად, "მე" თავის თავს უბრუნდება და თავის დაუბოლოებლობას აღადგენს. ამდაგვარად, მივიღეთ დიალექტიკის სრული სახე: თეზისი: დაუბოლოებელი "მე" - მეობის ფორმა; ანტითეზისი: სუბიექტი თავის თავს დააბოლოებს მისთვის ობიექტის განსაზღვრით; სინთეზი: ობიექტში საკუთარ თავს შეიცნობს და დაბოლოებულში დაუბოლოებელს აღმოაჩენს, აღადგენს იდეალური "მე", ან აბსოლუტური "მე". დასასრული დიალექტიკური პროცესისა არის შედეგისა და ამოსავალი წერტილის იგივეობაში, წინსვლა ეს არის დაბრუნება უკან საფუძვლისკენ, ჭეშმარიტებისკენ დაბრუნება, რომელზეც თვით დასაწყისია დამოკიდებული და რომელიც ამ დასაწყისს ქმნის.

ეს წრე რომ შეიკრას, იდეალისტური დიალექტიკა მონისტური უნდა იყოს, უნდა არსებობდეს ერთი სუბიექტი, ხოლო ის, რაც მისგან განსხვავებულია, უბრალოდ "მისი სხვა " უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სინთეზი არ მოხდება. მაგრამ, ფიხტეს დიალექტიკა დუალისტურია. ფიხტეს სისტემაში არის ორი აბსოლუტი, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი მოქმედება, ორი განსხვავებული პრინციპი, რომელთა ფარგლებშიც სინთეზი და წრის შეკვრა ვერ ხერხდება, შესაბამისად გადაუჭრელი რჩება პრობლემა.

IV. დაბოლოებულისა და დაუბოლოებელის დიალექტიკა შელინგის ფილოსოფიაში.

შელინგის დიალექტიკის ძირითადი საკითხი იგივეა, რაც მთლიანად იდეალისტური დიალექტიკის, სახელდობრ, დაუბოლოებლისა და დაბოლოებულის ურთიერთობა. შელინგთან, ისევე როგორც ფიხტესთან, ნივთი თავისთავადი მოხსნილია, შესაბამისად იგი საკითხს შემდეგვარად აყენებს, რომ თუ არის მხოლოდ აბსოლუტური სუბიექტი, როგორ არის მასში შესაძლებელი დაბოლოებული? როგორ წარმოებს გადასვლა აბსოლუტურიდან მის საწინააღმდეგოზე? როგორ შეუძლია აბსოლუტს თავისი თავი დატოვოს და დაუბოლოებლიდან დაბოლოებულში გადავიდეს? ან ერთი სიტყვით, თუ როგორაა შესაძლებელი საერთოდ სინამდვილე, რადგანაც სინამდვილის არსებობის შესაძლებლობის პრობლემა იგივეა, რაც დაუბოლოებლისა და დაბოლოებულის ურთიერთობის საკითხი. შელინგი აღნიშნულ საკითხს თავდაპირველ ეტაპზე ფიხტეანურად წყვეტს: დაუბოლოებელი სამყარო არის ჩვენი შემოქმედი - სული/გონება (Geist) - მის დაუბოლოებელ გამოვლინებაში. იგი აუცილებელ დებულებად მიიჩნევს "მე"-ს მიერ საკუთარი თავის დადგენას, ობიექტად ქცევას. "მე" ქმნის თავის თავს, მასშია მთელი რეალობა. მაგრამ წინააღმდეგობა, რომელიც "მე"-ში არსებობდა, შელინგმა ბუნებაშიც, მატერიაშიც იპოვა. ბუნებაში მთავარი პრინციპი არის საწინააღმდეგო ძალთა ბრძოლა და მათი ერთიანობა, მაგრამ ჯერ მატერია კი არ არსებობს და შემდეგ დაპირისპირებული ძალები, არამედ ჯერ ძალებია ის, რაც მატერიას ქმნის. ძალა მატერიის არამატერიალური მომენტია. ბუნება ცოცხლობს და მისი სიცოცხლე მის განვითარებაშია. მისი განვითარება მასში გაორებით, პოლარული ძალების აღმოჩენით იწყება და მათივე ბრძოლით წარმოებს. შელინგის ნატურფილოსოფია პანთეისტურია, შესაბამისად უფრო გვიანდელი შელინგის დიალექტიკური ნააზრევის შინაარსი შემდეგია: ბუნების არსებობის პირობა არის ბუნების საფუძვლის გაორება, იგივეობაში წინაააღმდეგობის არსებობა და ამ საწინააღმდეგო ძალთა ერთიანობა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შელინგთან სინთეზის მოხსნა და წრის დახურვა დასაწყისის დასასრულად ქცევა შეუძლებელია.

საქმე ისაა, რომ, შელინგის აზრით, წინააღმდეგობის მოხსნა შეუძლებელია, რადგან ის პირობაა "მესამის", ინდიფერენტობისადმი მისწრაფების, წინააღმდეგობის მოხსნა კი ამ მისწრაფების მოხსნაა, ამიტომ თუ სინთეზისადმი მისწრაფება ბუნების ფუნდამენტური პრინციპია, ცხადია, რომ წინააღმდეგობათა მოხსნა შეუძლებელია. წინააღმდეგობა ყოველთვის უნდა, იყოს მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველ მომენტში მოიხსნება. თავად წინააღმდეგობათა ბრძოლაა შელინგისთვის დაუბოლოებელი პროცესი, ამიტომ სინთეზიც არასდროს არაა უკანასკნელი. ბუნების პროდუქტი დროის ყოველ მონაკვეთში დაპირისპირებულ ძალთა მთლიანობას წარმოადგენს და დაუბოლოებელი განვითარების პროცესს განიცდის. თავად ბუნებაა დაუბოლოებელი განვითარება, სადაც არც ერთი აბსოლუტურად დამოუკიდებელი მოვლენა არ არსებობს, რაშიც ჩანს ლაიბნიცის მონადოლოგიის გავლენა შელინგზე. ყოველ პროდუქტში ბუნება დაუბოლოებელია, ყოველ პროდუქტში არის მთელი უნივერსუმის ჩანასახი.

რაც შეეხება სუბიექტს, ბუნების ამ დაუბოლოებელი განვითარების მიზანი მის თვითშემეცნებაში , სუბიექტად ყოფნაში მდგომარეობს. სუბიექტი, რომელიც ჯერ ობიექტია, ჯერ ბუნების სახით გვევლინება, განვითარების პროცესში გამოამჟღავნებს თავის სუბიექტობას და თავის თავს დაუბრუნდება. ამაშია ნამდვილი დიალექტიკური პროცესი, რომელსაც შელინგი "დინამიკურ პროცესს" უწოდებს. საბოლოო ჯამში, აბსოლუტი გამოდის, როგორც ობიექტი, ბუნება, შემდეგ სუბიექტი, რომელიც ბუნებაში საკუთარ თავს შეიცნობს და მასთან მთლიანობას შეადგენს. მის მიერ სამყაროს შექმნა გაგებულია როგორც აბსოლუტის მიერ ყოფიერების გადაცემა. შელინგის მიხედვით, თითოეული ასეთი მომენტი მთელი აბსოლუტის გამომხატველია: მასში არის დაუბოლოებლის მომენტი, ხოლო ერთდროულად - დაბოლოებულის მომენტიც.

საბოლოო ჯამში დაუბოლოებლისა და დაბოლოებულის ურთიერთობა მესამე მომენტს მოითხოვდა და შელინგმა იგი ხელოვნებაში აღმოაჩინა. ხელოვნების ნაწარმოებში სუბიექტი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ თავს, რომ დიალექტიკური პროცესი დამთავრდეს. სინამდვილე არის მისთვის სუბიექტის ხელოვნების ნაწარმოები და ამ ნაწარმოების შექმნით იგი დაუბოლოებელია, ნიმუშის განჭვრეტით იგი საკუთარ თავს განჭვრეტს. შელინგის ამ მოსაზრებებას უკავშირდება ევროპაში რომანტიზმის განვითარება, თუმცა ხელოვნების სინთეზად დასახვით მან ვერ გადაჭრა ის პრობლემები, რომელიც თავად შექმნა.

V. დაბოლოებულისა და დაუბოლოებელის დიალექტიკა ჰეგელის ფილოსოფიაში.

ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა იმ განსაკუთრებულ ინტელექტუალურ მცდელობათა შორის ერთ-ერთია, რომელიც ცდილობს აჩვენოს, როგორ ხდება აბსოლუტური, დაუბოლოებელი გონის რეალიზაცია დაბოლოებულ, ისტორიულ სინამდვილეში. ეს გეგმა ეფუძნება ჰეგელის რწმენას, რომ გონი, როგორც ჭეშმარიტი ყოფიერება, არ რჩება აბსტრაქტულ სფეროში, არამედ ის თავადვე ქმნის ბუნებას, სოციუმს, კულტურას და ,საბოლოოდ, თავად ამ ფორმებში იძენს თვითშემეცნებას. ჰეგელის მთავარი მიზანია აჩვენოს, რომ სინამდვილე - ყველაფრის ერთად ყოფნა - არ არის წინააღმდეგობებით დაყოფილი და დახშული, არამედ სწორედ ამ წინააღმდეგობების განვითარებით და მათი მოხსნით იქმენება მთლიანობა.

ჰეგელის დიალექტიკა ეყრდნობა ერთ ძირითად დებულებას: ყოველი განსაზღვრულობა თავის თავში შეიცავს საკუთარ ნეგაციას. ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა განსაზღვრული იყოს იდეა, მოვლენა თუ სუბიექტი, ის თავის თავში უკვე შეიცავს იმ არას, რაც მის განსაზღვრას ეწინააღმდეგება. მაგალითად, იდეა თავის საპირისპიროს, ბუნებას აჩენს, მაგრამ ბუნება არ არის აბსოლუტის უარყოფა; იგი აბსოლუტის აუცილებელი ეტაპია. ასე ვითარდება პროცესი: იდეა საკუთარ თავს აყალიბებს, ქმნის თავის საწინააღმდეგოს (ბუნებას), და შემდეგ ამ საწინააღმდეგოს შიგნით ეძებს საკუთარ თავს. ამ დიალექტიკურ გზაზე განსაკუთრებული როლი ენიჭება სულს/გონს (Geist), რომელიც აბსტრაქტულიდან კონკრეტულზე გადაადგილებისას გადის ბუნებას, ადამიანურ ცნობიერებას, მორალს, სამართალს, ხელოვნებას, რელიგიას და საბოლოოდ - ფილოსოფიას. ეს არ არის წინსვლა მხოლოდ იდეების დონეზე; ჰეგელისათვის ეს ისტორიული პროცესია - მსოფლიო ისტორია თავად აბსოლუტის თვითშემეცნების სივრცეა.

დაუბოლოებელი გონი, ანუ აბსოლუტი, მხოლოდ მაშინ ხდება ჭეშმარიტად აბსოლუტური, როცა თავის თავს დაბოლოებულში, განსაზღვრულში ამოიცნობს. ჰეგელის თანახმად, აბსოლუტი თავიდან აბსტრაქტული სიწმინდის სახით არსებობს, როგორც მხოლოდ აზრი, მაგრამ ის ვერ დარჩება მხოლოდ ამად, ის მოძრაობს ყოფიერებისკენ, ანუ კონკრეტულობისკენ, რადგან მხოლოდ ასე შეუძლია თავის თავში შინაარსის მიღება. ეს პროცესია მისი ობიექტივაცია - აბსოლუტი საკუთარ თავს აყალიბებს ბუნებად, ხოლო ბუნება იკრავს საკუთარ თავში სუბიექტურ სულს, რომელსაც საბოლოოდ ეძლევა შესაძლებლობა, შეიცნოს საკუთარი თავი - როგორც სრულიად სხვა. დაბოლოებულსა და დაუბოლოებელს შორის ურთიერთობა სწორედ ამ პროცესით ყალიბდება: აბსოლუტი თავიდან „უშინაარსო“ იდეაა, რომელიც მხოლოდ აბსტრაქციაა (ანუ დაუბოლოებელი), მაგრამ საკუთარი განვითარებით დაბოლოებულის სახეს იღებს. თუმცა, ეს დაბოლოებულობა მხოლოდ ერთი ეტაპია, რადგან საბოლოოდ აბსოლუტი ამ ქმედებებით საკუთარ თავთან ბრუნდება. ეს დაბრუნება კი ჰეგელისთვის უბრალოდ ციკლური მოძრაობა არ არის - ეს არის ტრანსცენდირება, მოხსნით მიღწეული ერთობა, სადაც განსხვავებულობა უკვე არ არის განხეთქილება, არამედ აუცილებელი წარსული.

ჰეგელის სისტემის ფინალური ეტაპი არის აბსოლუტური იდეა, რომელიც აღიარებს საკუთარ თავში მთელ მანძილს - თავის საწინააღმდეგოდ ქცეულ ბუნებას, ისტორიას, კულტურას - როგორც აუცილებელ საფეხურებს. ეს არის გონის თვითშემეცნება, რომელსაც ჰეგელი აღწერს ლოგიკაში აბსოლუტური იდეის სახით, და საბოლოოდ „ფილოსოფიის ფილოსოფიად ქცევით“, ანუ ცნობიერად გაგებული სამყაროს სახით: „ლოგიკური ბუნებად ვითარდება და ბუნება - გონებად...ბუნება კი არსებითად განსაზღვრულია მხოლოდ როგორც გადასვლის წერტილი და ნეგატიური მომენტი და თავისთავად არის იდეა“ (ჰეგელი, 1984). ადამიანი ამ პროცესში ხდება არა უბრალოდ დამკვირვებელი, არამედ თავად ის ადგილია, სადაც აბსოლუტი იძენს ცნობიერ სახეს. ამგვარად, ჰეგელთან დაუბოლოებლისა და დაბოლოებულის ურთიერთობა უკვე აღარ არის განხეთქილების ადგილი, როგორც კანტთან ან ფიხტესთან - ეს არის მოძრაობის და განვითარების საფუძველი. ჰეგელისთვის გონის ჭეშმარიტება იმაშია, რომ ის საკუთარ საზღვრებს შლის, საწინააღმდეგოს ქმნის, მაგრამ საბოლოოდ ამ საწინააღმდეგოში საკუთარ თავს აღიარებს. ეს დიალექტიკური მოძრაობა არის არა მხოლოდ აზრის კანონზომიერება, არამედ მთელი ისტორიის სტრუქტურა. დიალექტიკის დასასრული კი არის აბსოლუტის დაბრუნება საკუთარ თავთან - არა საწყის, არამედ განპირობებულ და განდიდებულ მდგომარეობაში, სადაც სინამდვილე და აზრი, ყოფიერება და გონება, დაბოლოებული და დაუბოლოებელი ერთიანდება. სიყვარული კი სწორედ ორის იდენტურობის ცნობიერებაა, მაგრამ იმ ორის, რომლებიც, თავის მხრივ უკვე არიან თვითცნობიერები, რადგან ჰეგელისთვის ყოფნა არის თვითონ თავის თავის მოაზროვნე აზროვნება, რომელიც თავის თავთან მიდის სპეკულატიური თვითგანვითარების პროცესში. იგი გაივლის თავისი განსხვავებულობის სტადიებს, რაც იმავდროულად ყველა საფეხურზე "სხვად" ყოფნას გულისხმობს. შესაბამისად, ჰეგელთან მიმმართებელი და მისამართებელი იდენტურია. სული არის ცოდნა თვით თავისი თავისა თავისა - სხვაში და არსი, რომელიც მოძრაობაა, ისე რომ მსგავსება საკუთარ თავთან შენარჩუნებული აქვს. სულს საკუთარი თავის კვლავ მიღება სწორედ მოხსნის გზით შეუძლია, რადგან თვითცნობიერება საკუთარ თავს კვლავ თავის მსგავსად აღიქვამს - მხოლოდ საკუთარი სხვადყოფნის ნეგაციით. მაგრამ, ამავდროულად, სხვად ყოფნას უბრუნებს ის სხვა თვიცნობიერებას, რადგანაც ის სხვაში თავად იყო.

ჰეგელთან მთლიანი პროცესი ასეთია: ტრანსცენდენტალური ცნობიერება, როგორც სუბიექტის აბსოლუტური მთლიანობა და როგორც განსხვავებულთა ერთობა, ქმნის საგანს - თავის „სხვას“. იმავე ცნობიერების პრინციპის დაცვით და გამოყენებით შემმეცნებელი ცნობიერება გაიმეორებს ტრანსცენტენტალური სუბიექტის სინთეზსს და შეიცნობს საგანს, თავის „სხვას“, უკვე საკუთარ თავად მოაზრებულს და ხდება თვითცნობიერებად, იგივეობად თავის თავთან, ანუ ტრანსცენდენტალური ცნობიერების მთლიანობად. ჰეგელთან აზროვნების საგანი არის სწორედ თავის თავის მოაზროვნე აზროვნება, როგორც ყოფნა. არისტოტელეს სიტყვებით რომ ვთქვათ: „აზრი და აზრის ობიექტი ერთი და იგივეა“ (არისტოტელე, 1964). მოხსნის პროცესის, ანუ აბსოლუტური ნეგატიურობის პროცესის აღსრულების შემდეგ, მიღწეული იქნება ნამდვილი მე, როგორც თვითცნობიერება, რაც იმავდროულად სულია (Geist), გერმანული იდეალიზმის დაბოლოებულისა და დაუბოლოებლის საკითხი კი წრეშია მოქცეული.

დასკვნა

ბოლოს, ის, რაც თავდაპირველად იყო როგორც უფორმო წყურვილი უსაზღვროობისა, როგორც დაუოკებელი მისწრაფება თავის მიღმა, გვიბრუნდება როგორც გააზრებული გზა საკუთარ თავთან. აბსოლუტი არ იმალება სამყაროს მიღმა - ის რეალობის შუაგულშია, მოძრაობაშია, ჩვენშია. დაუბოლოებელი, რომელიც თითქოს არსებულის საპირისპიროა, საბოლოოდ იმავე არსებობაში პოულობს საკუთარ სახეს. ეს წრე - ფარული დასაწყისიდან გახსნილ დასასრულამდე - არა ჩაკეტვაა, არამედ თავისუფლების ზეიმი, სადაც ადამიანი, როგორც ისტორიის მომენტი, საკუთარი თავი და სამყარო ერთიან ჭეშმარიტებაში უერთდება.

ბიბლიოგრაფია

არისტოტელე. (1964). მეტაფიზიკა. In არისტოტელე, მეტაფიზიკა (p. 245). თბილისი: საბჭოთა საქართველო

ბაქრაძე, კ. (1982). დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში. In კ. ბაქრაძე, რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი. ტომი I (p. 79). თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

კანტი, ი. (2023). წმინდა გონების კრიტიკა. თბილისი: carpe diem.

მამუკა ბერიაშვილი, უ. რ. (2011). თავისუფლების ფილოსოფიის კლასიკოსები . თბილისი: მერიდიანი.

რ.გორდეზიანი, გ. ,. (1993). ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში. თბილისი: განათლება.

ხაზარაძე, მ. (2017). თავისუფლების ავტონომიური დაფუძნება , როგორც გონის რელიგიის განმსაზღვრელი პრინციპი იმანუელ კანტის პრაქტიკულ ფილოსოფიაში. In ა. პ. მამუკა ბერიაშვილი, სახელმწიფო და რელიგია . ქუთაისი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჰეგელი, გ. ვ. (1984). გონის ფილოსოფია. In გ. ვ. ჰეგელი, გონის ფილოსოფია (p. 358). თბილისი: მეცნიერება.

დემური ჭიღლაძე

რეკომენდირებული სტატიები

  • 26 ნოემბერი, 2022

ცნობიერება ღვთის შესახებ

დიალექტიკური კვლევა არისტოტელესა და ფიხტეს ცნობიერების ფილოსოფიაში

ავთანდილ ლომთათიძე
ფილოსოფია, ცნობიერება
  • 15 მარტი, 2023

ბედნიერების ძიებაში

ბედნიერების ფილოსოფიური და ბიოლოგიური ბუნება

თემურ ვაგიევი
ფილოსოფია, ეთიკა, ფსიქოლოგია, ნევროლოგია