ეპისტემოლოგია, ლინგვისტიკის ფილოსოფია, ონტოლოგია

ცნების საკითზე

  • თემურ ვაგიევი
  • 20 თებერვალი, 2025

საკითხები: რას წარმოადგენს ცნება, როგორც ზ ო გ ა დ ო ბ ა? რას წარმოადგენს ცნება, როგორც შემეცნების ი ნ ს ტ რ უ მ ე ნ ტ ი? ჩანაცვლებადია ის? მენტალობისა და მატერიის პრობლემა ცნების ასპექტში.

ცნება ფუნქციური გაგებით თვითგანმარტებადია, რადგან მისი განმარტებისთვის ვიყენებთ ცნებებსა და მათგან შემდგარ კატეგორიებს. ცნება არის მენტალური წარმონაქმნი, რომელიც ამოდის გონებიდან. რა თქმა უნდა, თავიდანვე უნდა იყოს ცხადი, რომ ნებისმიერი განმარტებითი ოპერირება ცნებებით ხორციელდება.

რა ხდება, როცა საგნის გამორკვევის ოპერაციის პროცესში თავად ამ საგანს ვიყენებთ ინსტრუმენტად? ეს ყველაფერი ერთგვარ მანკიერ წერეს მოგვაგონებს. რეალობა მსგავს ფორმაში ძირითადად არ გვევლინება (ხე არ იხსნება თავად ხით, არამედ მისი დესკრიფციისთვის ვიყენებთ სხვადასხვა დისციპლინებს ინსტრუმენტებად). მაშ, რატომ ვამბობთ, რომ ცნება ისევ ცნებით უნდა აღვწეროთ? და როგორ მუშაობს ეს პროცესი ობიექტურად?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ჯერ თავად ცნებას, როგორც ზოგად მოვლენას, მივაქციოთ ყურადღება. პირველი კითხვა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ფორმულირდება შემდეგნაირად: რა ინსტანციით არსებობს ცნება? ხოლო, მეორე შეკითხვით უნდა დავადგინოთ ამ უკანასკნელის მიმართება ქრონოტოპოსთან. მოგეხსენებათ, პლატონი ამტკიცებდა ფორმების(იდეათა) არსებობას ობიექტურობაში, ანუ ტრანსცედენტურ არსებობას ანიჭებდა ცნებას. მისი აზრით, ამ უკანასკნელს ეკავა ობიექტური ინსტანციის ონტოლოგია. რა თქმა უნდა, ამ სკოლამ განიცადა ფილოსოფიური განვითარება და ჩამოყალიბდა „რეალიზმის“, ან „რეალისტური უნივერსალიზმის“ სკოლად.

რადგანაც, „სიწითლე“ ერთგვარი ზოგადი კატეგორიაა, ის უნდა წარმოადგენდეს უნივერსალს. თავად სიწითლე არ გვინახავს – გვინახავს მხოლოდ წითელი საგნები, შესაბამისად, ისინი უნდა იყვნენ ერთგვარი „სიწითლის“ რეპრეზენტაციები, როგორც ობიექტურად არსებული თვისებისა. რა თქმა უნდა, პლატონს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიწითლე აქციდენციურ თვისებას წარმოადგენს საგანში(მის გარეშე საგანი იარსებებს) და, ასევე, სუბიექტივისტურ დონეზე მენტალურია.

ამ სკოლას დაუპირისპირდა ნომინალიზმი (ოკამი, ბურიდანი, გოდმანი და ა.შ.). ნომინალიზმი უარყოფს აბსტრაქტული საგნების გარეგან არსებობას და საწინააღმდეგო აზრის საფუძვლიანობასაც ეჭვქვეშ აყენებს. გავიხსენოთ პარსიმონიის პრინციპი: „ქუალიტატი არ უნდა გამრავლდეს აუცილებლობის გარეშე“. სხვაგვარად რომ ვთქვათ: უპირატესობა უნდა მიენიჭოს აზრს, რომელშიც ნაკლები პოსტულატი და ჰიპოთეზაა. მრავალი კონტრარული და კონტრადიქტორული აზრიდან ჩვენ უნდა ავირჩიოთ უმარტივესი, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეყრდნობა ვარაუდებს. აზრი იმის შესახებ, რომ იდეა სუბიექტის გარეთაც არსებობს, უფრო მეტ ვარაუდს ეყრდნობა, ვიდრე აზრი, რომ იდეა მხოლოდ ადამიანის შიგნით არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ იდეათა გენერირება ხორციელდება გონების ხარჯზე შესაბამისად ამისა გონების გარეთ არსებული იდეის არსებობის დაშვება ვარაუდს ემყარება.

რა თქმა უნდა, ეს პრინციპი არ არის აბსოლუტური კანონი, არამედ წარმოადგენს ევრისტიკას, მაგრამ მისი მდგრადობა მეცნიერებაში და მეცნიერების ფილოსოფიაში აშკარაა.

მოდი გავაკეთოთ დაშვება, რომ იდეა გონების გარეშეც არსებობს, რადგან უნივერსალი სუბიექტის გონებაში ვერ წარმოიქმნება(რეალისტების არგუმენტი). მაშ, რჩება ღია საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ თავსდება უნივერსალი ადამიანის გონებაში? აქ კი უკვე იმ ტყეს ემსგავსება მსჯელობა, რომლიდანაც გასვლა მხოლოდ გამართლებას უნდა მიანდო, რადგან გზად ვერაფერს ხედავ.

ის, რომ სუბიექტურ გონს გააჩნია კონკრეტულის განზოგადობადობის უნარი, ფაქტია, და არა - ვარაუდი. თუ ჩვენ დავინახავთ წითელ ყვავლის და შემდგომ ყვითელს, ჩვენ ამ ორს ერთმანეთისგან გავმიჯნავთ და წარმოდგენას შევიქმნით, როგორც ზოგადად სიწითლეზე, ასევე ზოგადად სიყვითლეზე და ყოველ წითელ და ყვითელ საგანს ერთმანეთისგან გავმიჯნავთ. ამგვარად იქმნება კატეგორიებიც: ავიღებთ კონკრეტულ თვისებებს, მათ განვაზოგადებთ და შევქმნით ერთ კატეგორიას, რომელშიც მოვათავსებთ ამ მნიშვნელობებით გაერთიანებულ საგნებს.

ძალა - ყოვლისშემძლეობა

ცოდნა - ყოვლისმცოდნეობა

ბოროტება - უბოროტესობა

და ა.შ.

1.1 გონს აქვს უნარი, რომ „უ ნ ი ვ ე რ ს ა ლ ი ს“ შემოქმედი იყოს. უნივერსალი სხვა არაფერია, თუ არა დესკრიფციით მიღწეული საგნის თვისების ცნების გამოყოფა საგნიდან და მისი წარმოდგენა, როგორც ზოგადის, რადგან სხვა საგნებსაც გააჩნიათ ეს უკანასკნელი.

1.2 ლოგიკური ნახტომი იქნება ის, რომ საგანი მისი ერთ-ერთი თვისების გამოვლინებად მივიჩნიოთ და არა თვისებების ერთიანობად.

1.3 უნივერსალის ადამიანის გარეთ არსებობა შეუძლებელია, რადგან ეს უკანასკნელიც წარმოადგენს გონით წარმოქმნილ იდეას, რომელიც დესკრიფციის და ცნებითი აზროვნების გზით წარმოიშვა.

1.4 თავად უნივერსალი არ შეიცავს ესენციურ მნიშვნელობას. თუ დავუშებთ სიწითლის არამენტალურობას და მის გარეთ არსებულობას, მისი თვისებები გაუგებარი რჩება. „სიწითლე არის სიწითლე“ - არაინფორმატიული ტავტოლოგიაა, ხოლო, „სიწითლე არის წითელი“, იქნება ლოგიკური შეცდომა, იმ მიზეზით, რომ ის თავად არის გამოსავლენიც და გამოვლინებული ობიექტიც.

1.5 ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დგება საკითხი: როგორია გარეთ არსებული უნივერსალის ონტოლოგიური ბუნება? თუ რაიმე საკითხის შესახებ ინფორმაციული და ვალიდური პასუხის პოვნას ვერ ვახერხებთ, ლოგიკურად გაუმართლებელი იქნება მისი მიღება. ეს უფრო მეტად იქნება კონვენციური, ვიდრე ფილოსოფიური.

2.1 სისტემური საჭიროება არ არსებობს იმისა, რომ უნივერსალების გარეთ არსებობის ლოგიკური ნახტომი გავაკეთოთ. ყველაფერი ამის გარეშეც მშვენიერი წარმატებით იხსნება.

2.2 თუ უნივერსალი(იდეა) არსებობს ადამიანური გონის გარეშე, როგორ „ჩნდება“ ის ადამიანურ გონში და, საერთოდ, რა ძალით გვეძლევა მათზე ინფორმაცია?

2.3 უნივერსალების დაშვების შემთხვევაშიც კი, მასთან ერთად მოგვიწევდა დაშვება, რომ მისი წვდომა ადამიანური გონებით შეუძლებელია.

2.4 ყოველი საგნის ყოველი თვისების „გაუნივერსალება“ არის შესაძლებელი. თუ ჩვენ ყოველი დაკვირვებადი საგნის ყოველ თვისებას ზოგადობაში ავიყვანთ, მაშინ მივიღებთ იმდენ უნივერსალს, რამდენი საგანიც გვაქვს (ასევე, შესაძლებელია კონკრეტული საგნის იმგვარ ზოგადობაში აყვანა, რომ ის არ გარდაიქმნას გვარად, ან კატეგორიად, არამედ კონკრეტულად ის საგანი იყოს ზოგადობაში აყვანილი).

2.5 თუ უნივერსალები გონების გარეთ არსებობენ, რა მიმართება აქვთ მათ ერთმანეთთან?

საბოლოოდ, ამ საკითხზე იმის თქმა შეიძლება, რომ რეალისტური სკოლა თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი არგუმენტები იმისთვის, რომ ნომინალიზმი გვერდზე გადავდოთ და გავხვდეთ რეალისტები. თავად ნომინალიზმს რაც შეეხება, ეს უკანასკნელი უფრო მეტად ახსნადია, ვიდრე რეალიზმი.

საქმე იმაშია, რომ კონცეპტმა გონში უნდა იარსებოს, რადგან პროოდოსი მხოლოდ მისგან არის შესაძლებელი. კონცეპტი არის შემეცნების შედეგი, ხოლო, შემეცნებისთვის საჭიროა აღქმის შესაძლებლობა. სხვაგვარი საჭიროება და ახსნა კონცეპტს არ მოეძებნება. საჭიროა საგანი და მისი თვისებები, ასევე საჭიროა გონი, რომელიც ამ ყოველივეს შეიცნობს და შესაბამის ცნებებს გამოიყენებს. ამ ცნებების ზოგადობაში აყვანით კი ვიღებთ უნივერსალს, რომელიც გონებრივი ოპერირებით შეიქმნა. არსებობს მხოლოდ თვისებიანი საგნები და არ არსებობს თვისება საგნისგან დამოუკიდებლად.

შესაბამისად, ზოგადად ცნების ბუნება ამგვარია: ის წარმოადგენს იმანენტურ წარმონაქმნს, გონების ინსტრუმენტს, ხოლო გონებას აქვს უნარი ცნება ზოგადობაში აიყვანოს.

რადგანაც ცნება ბოლომდე მენტალურია, ანუ გონებამ წარმოქმნა ის და მის გარეთ მას ვერ მოვიხელთებთ, მას არ აქვს სივრცობრივი ინსტანცია. როგორც კანტი აღნიშნავდა ამას, ფიქრებს გააჩნია ქრონოსი, მაგრამ არა ტოპოსი. ფიქრის ტოპოსური გამჯივნვა არ ხდება, მაგრამ ერთი ფიქრი მეორეს ქრონოსულად მოსდევს. შესაბამისად, ცნების მიმართება ქრონოტოპოსთან არის ერთმხრივი. ცნება თავისი იმანენტური ბუნების გამო არ მოიქცევა სივრცეში, მაგრამ დროულობა მასზე გავლენას ახდენს.

საბოლოოდ, რატომ ხდება ისე, რომ ცნებას განვმარტავთ ისევ ცნებების მეშვეობით და ეს არ არის მანკიერი წრე?

როდესაც ჩვენ სხვა რამეს განვმარტავთ, ან აღვწერთ, ვიყენებთ მასზე მაღალ ინსტანციას, ანუ ისეთ სისტემას, რომელიც ერთგვარად გადაამოწმებს მას. ამ პროცესის ბოლოს კი ცნება იმყოფება. ცნება (შესაბამისად ლოგიკაც) არის უმაღლესი ინსტანცია და ეს ყოველივე ბუნებრივად, გონებრივი ოპერირების და ემპირიული დაკვირვების დროსაც მარტივი შესამჩნევია. ჩვენ არ გაგვაჩნია უფრო მაღალი ინსტანცია იმისთვის, რომ ცნებას სხვაგვარად შევხედოთ და არა - ცნებობრივად. რადგანაც ცნება საბოლოო ინსტანციაა, ის უნდა იყოს აბსოლუტური, ვინაიდან საბოლოო, თავისი ბუნებით, გულისხმობს ამ უკანასკნელს, რომელიც აუცილებლად მსჯელობის ძალდატანებისგან არის დაცლილი. ცნების აბსოლუტურობა ზუსტადაც, რომ მის საბოლოობაში რეპრეზენტირდება და მისი აბსოლუტურობიდან გამომდინარე, ის აუცილებლად თვითგანმარტვადია.

3.1 საგნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან საკუთარი ინსტანციებით და ფასდებიან უფრო ზოგადი, უფრო მაღალი ინსტანციებით (ხე ფასდება მეცნიერებით(ნატურფილოსოფიით), ხოლო მეცნიერება - ფილოსოფიით(ლოგიკით, ონტოლოგიით და ა.შ.).

3.2 შესაბამისად, რაიმეს დეფინირებისთვის, შეფასებისთვის, ან ახსნისთვის ყოველთვის გვჭირდება უფრო მაღალი ინსტანცია და უფრო ზოგადი სისტემა, ვიდრე ის, რასაც ვაფასებთ.

3.3 მაგრამ, თუ ჩვენ აღარ გაგვაჩნია რაიმე უფრო ზოგადი, ვიდრე ის, რასაც ვხსნით, არამედ ის მონაწილეობს ყოველგვარ ახსნაში და თავად ახსნა მის გარეშე შეუძლებელია, მაშინ ის უნდა აიხსნას საკუთარი თავით, რადგან თავად ახსნის ბუნებისგან არის გაუმიჯნავი, თავისი აბსოლუტურობიდან გამომდინარე.

3.4 შესაბამისად, ცნება არის ჩაუნაცვლებელი აბსოლუტური ინსტრუმენტი, რადგან მისი ჩანაცვლება, მაინც გადამოწმებადი იქნება ცნებით.

3.5 ცნების აბსოლუტურობა გამოხატულია იმითაც, რომ თვითცნობიერება მის გარეშე ვერ გამოვლინდება.


მენტალობისა და მატერიის პრობლემის ცნებითი ასპექტი

მენტალობისა და მატერიის ურთიერთმიმართებას ძალიან დიდი ხანია იკვლევენ ფილოსოფოსები. პირველ ევროპელ ფილოსოფოსად მოხსენიებული თალესი, რომელიც უფრო მეტად მეცნიერი იყო(თანამედროვე გაგებით), კონცენტრირდებოდა მატერიის შეცნობაზე. იგივეს ვაწყდებით ანაქსიმანდრესთან და ანაქსიმენთანაც. ჰერაკლიტე და პარმენიდე გვევლინებიან ფილოსოფოსებად, რომლებიც მსჯელობენ არსებულსა და ყოფიერზე, როგორც ზოგადზე. ასევე, ისინი კონცეპტუალურ საფუძველს უქმნიან მატერია-მენტალობის პრობლემის შემდგომ დასმასა და განხილვას. პლატონის იდეათ სამყაროს თეორია არისტოტელესთვის იქცა მიზეზად, რომ საფუძვლიანად გამოეკვლია ურთიერთმიმართება იდეასა და მატერიას შორის. საბოლოოდ, გონება-სხეულის (მატერია-მენტალობის) პრობლემა პირდაპირ და მკაფიოდ წარმოგვიდგინა კარტესიუსმა.

მატერია-მენტალობის პრობლემა გულისხმობს ფსიქიკური ფენომენების(აზრი, გრძნობა, ემოცია) და მატერიალური საგნების(ტვინი, სხეული ა.შ.) ურთიერთმიმართებას. პრობლემა ცდილობს გამოარკვიოს, თუ რა სახის ურთიერთობაა ამ ორ თვისობრივად განსხვავებულ არსებულს შორის.

ცნება წარმოადგენს მენტალურ წარმონაქმნს, რომელიც უკონკურენტო და აბსოლუტური შემეცნების ინსტრუმენტია. აბსოლუტურად სავარაუდოა, რომ ამ მოსაზრებებს კრიტიკოსებიც ეყოლებათ. თუ ცნებით ვაზროვნებთ მატერიულზე, მაგრამ თავად ცნება არ შედგება მატერიისგან, მაშ მათ რა აქვთ საერთო? ან, როგორი მიმართება შეიძლება ჰქონდეს ცნებას მატერიასთან? პრობლემა დგება შემდეგნაირად: შესაძლებელია კი მენტალური წარმონაქმნით მატერიის მოხელთება?

რა თქმა უნდა, ზემოხსენებული მსჯელობა ეყრდნობა დაშვებას, რომ არსებობს, როგორც მატერია, ისე მენტალობაც და არა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი.

ამჟამად მოცემულ პრობლემას ცნებით ასპექტში განვიხილავთ, შესაბამისად ცნებას განვიხილავთ მოაზრების შესაძლებლობის მქონე ფენომენად. საქმე იმაშია, რომ არსებობს მხოლოდ ოთხი შესაძლო ონტოლოგიური კონდიცია: არსებობს მხოლოდ მატერია; არსებობს მხოლოდ მენტალობა; არსებობს ორივე; არ არსებობს არც ერთი.

მიმაჩნია, რომ ცნების ფენომენს არც ერთ განხილულ შემთხვევაში არ ექმნება საფრთხე. გონება-სხეულის პრობლემა ცნების მხრივ იმდენად გადაჭრადია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ზემოხსენებული ოთხი ვერსიიდან რომელს დავუშვებთ. ასევე, მხედველობაში ვტოვებთ იმასაც, რომ ამ ოთხი დაშვების გარდა სხვა ვარიანტი არ გაგვაჩნია. ცნების, როგორც ინსტრუმენტის, აბსოლუტურობისთვის საჭიროა ზემოხსენებული პრობლემის ოთხივე დაშვებაში განხილვა.

3.6 „ცნება არსებობს“ - ეს უკანასკნელი, ლოგიკაში იწოდება ტავტოლოგიურ მტკიცებად და მის წინააღმდეგ არგუმენტი არ არსებობს, რადგან არგუმენტი მოითხოვს ცნებების არსებობას.

3.7 „არსებობს მხოლოდ მატერია“ - ცნება არსებობს, რადგან თუ მხოლოდ მატერია არსებობს, ცნება მატერიალური წარმონაქმნია; მატერია აღწერს მატერიას და იტევს საკუთარ თავში.

3.8 „არსებობს მხოლოდ მენტალობა“ - ცნება არსებობს, რადგან თუ მხოლოდ მენტალობა არსებობს, ცნება მენტალური წარმონაქმნია; მენტალობა აღწერს მენტალობას და იტევს საკუთარ თავში.

3.9 „არსებობს ორივე“ - ცნება ვერ იქნება მატერია, რადგან თუ ორივე არსებობს, მენტალობის ადგილი აღარ რჩება, თუ მასში ცნებას არ მოვათავსებთ.

3.10 ამიტომაც, ცნება მენტალური წარმონაქმნია, რომელიც აღწერს მატერიას.

3.11 მატერია და მენტალობა, ურთიერთარსებობის შემთხვევაში, ვერ იქნებიან კონტრადიქტორული ცნებები, რადგან მათ მიმართება აქვთ და, კლასიკური გაგებით, მატერია იტევს მენტალობას.

3.12 ცნება(მენტალური წარმონაქმნი) „ამენტალურებს“ მატერიალურ საგანს.

3.13 ცნება არ მოიცევს მატერიას, მაგრამ მატერიის თვისებების გამენტალურება შესაძლებელია.

3.14 სწორი აზროვნებისას, ცნება არაფერს უმატებს, ან აკლებს საგანს(ცნობიერებაში), რადგან საგნის თვისებები, აღქმის მომენტში, წარმოდგენილნი არიან მენტალური სახით, რომლებიც არსს არ უკარგავენ თავად თვისებებს.

3.15 მე აღვიქვი ხის ტოტი და გავიფიქრე ცნებით - „ხის ტოტი“, ვუშვებ კი ამ დროს შეცდომას? ხის ტოტი ისევ რჩება მატერიად, რადგან მენტალობას არ გააჩნია პირდაპირი ზემოქმედების უნარი მატერიაზე და არ ძალუძს მისი ფორმირება.

3.16 ხის ტოტი, როგორც ცნება, გამოხატავს მატერიალურ ხის ტოტს. მატერია, რომელიც აღვიქვი, მთლიანად გამოვხატე ამ ცნებით.

3.17 თუნდაც ორი პიროვნება ცნების კონსენსუსამდე ვერ მივიდეს პოლემიკისას, მათთვის თითოეული ცნება პირდაპირ გამოხატავს კონკრეტულ მატერიალურ საგანს.

3.18 საგნის გამოხატულება უნდა შეიქმნას ისე, რომ მან არ დაკარგოს საგნისმიერი თვისობრიობა.

3.19 როდესაც ხის ტოტზე ვსაუბრობ, უნდა მესმოდეს, რომ თავად ცნება „ხის ტოტს“ არ გააჩნია „სიმყარის“ თვისება, არამედ გააჩნია მას, რაზეც ხდება რეფერირება.

3.20 ცნება არ მოითხოვს იმას, რომ მოიცავდეს მატერიას საკუთარ თავში, რადგან ცნება არ გადმოსცემს თავად საგანს, არამედ ცნება რეფერირებს საგანზე.

3.21 სწორ აზროვნებისას ცნება იმგვარად რეფერირებს საგანზე, რომ საგნის არც ერთი თვისება არ იკარგება.

3.22 ამისათვის საჭიროა შემმეცნებელს ჰქონდეს გააზრებული საგნის ყოველი ფუნდამენტური თვისება.

მოცემული მსჯელობიდან მტკიცდება, რომ ზემოხსენებულ სამ დაშვებაში მენტალობა-მატერიის პრობლემა, ცნების მხრივ, არ ფუნქციონირებს. ეს პრობლემა ლოგიკურად გაუმართლებელია, რადგან არ არსებობს შესაძლო, ჰიპოტეტური ვითარება, სადაც ცნებას შემეცნებისას რაიმე სახის პრობლემა ექმნება.

მესამე დაშვების განმარტებითი სახე: ცნება რეფერირებს საგანზე და არ გადმოსცემს თავად საგანს, ამიტომაც მას არ აკისრია ვალდებულება, რომ მოიცავდეს მატერიას. ცნება საგანსა და მის თვისებებს არ ამენტალურებს რეფერირებისას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მატერიალური საგანი ხდება მენტალური, არამედ ცნების სახით იქმნება მატერიალური საგნის ასლი.

არსებობს საფუძვლიანი განსხვავება „ხის ტოტზე“ აზროვნების დროს. ადამიანი A, რომელიც ერკვევა ხის ტოტის ბუნებაში, ფლობს ცნებას და გააჩნია სწორი რეფერირება, ხოლო ადამიანი B, რომელსაც არ ესმის ეს უკანასკნელი, ვერ მოიხელთებს საგანს. აქვე აღვნიშნავ, რომ არ აქვს მნიშვნელობა აზროვნებისას ადამიანი A გამოიყენებს თუ არა „ხის ტოტს“ იმის აღმნიშვნელად, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „ხის ტოტს“, არამედ მნიშვნელოვანია მატერიალური საგნის არსის გააზრება და რეფერირების მეშვეობით მისი მოხელთება.

3.23 არც მენტალობა არსებობს და არც - მატერია.

3.24 ცნება არსებობს, ამას ვერ უარვყოფთ.

3.25 მაშ, რა არის ცნება? როგორც ჩანს, რაიმე სხვა.

3.26 ეს სხვა (პირობითად X) არსებობს მხოლოდ, ცნება არის X და მოიხელთებს X - ს.

3.27 არსებობს X და Y - ცნება, ანუ X წარმონაქმნი, რეფერირებს Y ზე.

ბიბლიოგრაფია

Descartes, R. (1641). Meditations on First Philosophy.

Goodman, N. (1951). The Structure of Appearance. Harvard University Press.

Ockham, W. (1990). Philosophical Writings: A Selection. Hackett Publishing.

Plato. (1997). Complete Works (J. M. Cooper, Ed.). Hackett Publishing.

Van Mol, C. (2014). Intra-European Student Mobility in International Higher Education Circuits: Europe on the Move. Palgrave Macmillan.

William of Ockham. (1323). Summa Logicae.

თემურ ვაგიევი

ფილოსოფოსი

რეკომენდირებული სტატიები

  • 15 მარტი, 2023

ბედნიერების ძიებაში

ბედნიერების ფილოსოფიური და ბიოლოგიური ბუნება

თემურ ვაგიევი
ფილოსოფია, ეთიკა, ფსიქოლოგია, ნევროლოგია
  • 20 თებერვალი, 2025

დემარკაციის პრობლემა მეცნიერების ფილოსოფიაში

თემურ ვაგიევი
მეცნიერების ფილოსოფია, დემარკაციის პრობლემა