მეცნიერების ფილოსოფია

დემარკაციის პრობლემა მეცნიერების ფილოსოფიაში

  • თემურ ვაგიევი
  • 20 თებერვალი, 2025

წინამდებარე სტატია განიხილავს მეცნიერების ფილოსოფიის ზოგად ისტორიას, მის მიმართებას აქტუალურ პრობლემებთან და ზოგად-სადისციპლინო ადგილს შემეცნებით დარგებს შორის. ნაშრომი განიხილავს მეცნიერული მეთოდის ევოლუციას და ამ უკანასკნელის ეპისტემოლოგიურ საფუძვლებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დემარკაციის პრობლემასთან დაკავშირებულ დებატებს.

მეცნიერების ფილოსოფია წარმოადგენს ფილოსოფიური კვლევის უმნიშვნელოვანეს სფეროს, რომელიც იკვლევს მეცნიერული ცოდნის ბუნებას, მის საზღვრებს და მეთოდოლოგიურ საფუძვლებს. ეს დისციპლინა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მე-20 საუკუნეში, ლოგიკური პოზიტივიზმის აღმოცენებასთან ერთად, თუმცა მისი ფესვები ანტიკურ ფილოსოფიამდე მიდის. მეცნიერების ფილოსოფია იმდენად ღირებულია შემეცნებით აქსიოლოგიაში, რამდენადაც თავად მეცნიერება. საყურადსაღებოა, რომ ის, რასაც თანამედროვეობაში ვუწოდებთ „მეცნიერებას“, მე-17 საუკუნის ჩათვლით იწოდებოდა, როგორც - „ნატურფილოსოფია.“ მეცნიერება, დიდი ხნის განმავლობაში, ითვლებოდა ფილოსოფიის ქვედარგად, შემდგომ კი, ფილოსოფიისგან განვითარებული მეთოდის მეშვეობით, რომელსაც „ემპირიზმი“ ეწოდება, ის გამოეყო ამ უკანასკნელს და შეიძინა ცალკეული დისციპლინის სტატუსი.

მეცნიერების ფილოსოფია, როგორც ცნება, პოზიტივიზმმა შემოიტანა, როდესაც სრულ დაპირისპირებაში იმყოფებოდა სპეკულატური ფილოსოფიასთან. თავის მხრივ, სპეკულატური ფილოსოფია ერთმნიშვნელოვან შეხედულებას იკავებდა ფილოსოფიასა და მეცნიერების მიმართებაზე. მიიჩნევდა, რომ ისინი საფუძველმდებარედ გამიჯნულ და განსხვავებულ დისციპლინებს წარმოადგენდნენ. თავად პოზიტივიზმის ფუძემდებელი, ო.კონტი, ამბობდა, რომ: „მეცნიერება თავად არის ფილოსოფია“. ამ განცხადებით ის ხაზს უსვამდა, რომ მეცნიერება არის ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილი და არა მხოლოდ გაუმიჯნავია მისგან, არამედ ეს უკანასკნელი არის უმაღლესი ეტაპი ფილოსოფიისა. ამიტომაც, მას მიაჩნდა, რომ ფილოსოფია უნდა დაეფუძვნოს მხოლოდ ფაქტებსა და მეცნიერულ მეთოდს.

მან შემოიღო სამი ეტაპის კანონი, რომლითაც კაცობრიობის ინტელექტუალური განვითარების სამი ეტაპი წარმოაჩინა: 1) თეოლოგიური (როდესაც მოვლენები იხსნება ზებუნებრივი, ღვთიური ძალებით); 2) მეტაფიზიკური (როდესაც მოვლენების ახსნის პროცესი მიმდინარეობს აბსტრაქტული კატეგორიებისა და ცნებების მანიპულირების მეშვეობით); 3) პოზიტიური (მეცნიერული - როდესაც ცოდნა ემყარებია ემპირიულ გამოცდილებას, დაკვირვებასა და მეცნიერულ მეთოდს).

თავად მეცნიერების ფილოსოფია, როგორც თანამედროვე დარგი, თავისი საკვლევი საგნითა და ესენციით, არის მეცნიერებაზე რეფლექსია. ანუ, მეცნიერების მეცნიერება. სხვაგვარად რომ ვთქვათ - ფილოსოფიური მეცნიერება.

მეცნიერების ფილოსოფია, როგორც დარგი, გვაქვს მაშინ, როდესაც მეცნიერება საკუთარ თავში მობრუნებას განახორციელებს. შესაბამისად, ის საკვლევ ობიექტად საკუთარ თავს დასახავს და არა რაიმე მისგან განსხვავებულს. ეს ყოველივე კი, რა თქმა უნდა, აყალიბებს სხვა დარგს, რომელიც უფრო ზოგადი პრინციპებით უნდა ხასიათდებოდეს, ვიდრე თავად ის დარგი, რომელსაც ეს უკანასკნელი შეისწავლის, რადგან თუ თავად მეცნიერება უფრო ზოგადია, ვიდრე საგანი, რომელსაც მეცნიერება შეისწავლის და სხვაგვარად, მის შესწავლას ვერ შეძლებდა იმიტომ, რომ ვერ მიიღებდა კანონზომიერებათა დამაკავშირებლის ესენციურ ხასიათს, მაშინ მეცნიერების რეფლექსია საკუთარ თავზე წარმოშობს უფრო ზოგადი ხასიათის ახალ დარგს, რომელსაც პრინციპულად განსხვავებული საკვლევი საკითხი გააჩნია, ვიდრე მეცნიერებას.

ზემოხსენებულ დარგს ვუწოდებთ - „მეცნიერების ფილოსოფიას“.

მეცნიერების მიმართებით, შემეცნებითი პერიოდი შეიძლება დაიყოს ორგვარად: 1) პერიოდი, როდესაც მეცნიერება არსებობს, როგორც პოტენცია; 2) თავად მეცნიერების პერიოდი.

მეცნიერების პოტენციაში არსებობა არ გულისხმობს მისი აქტუალიზირების სრულ ანულირებას, რადგან მეცნიერება, როგორც პოტენცია რეპრეზენტირდებოდა კონკრეტული სახით ძველ დროში. როდესაც ადამიანებმა იმ საგნების შესწავლა დაიწყეს, რომლებთანაც პირდაპირი და პრაქტიკული შეხება ჰქონდათ ეს უკანასკნელი წარმოადგენდა მეცნიერების, როგორც პოტენციის რეპრეზენტირებას. იმ დროისთვის ინდივიდუმის მიზანი იყო დაედგინა კონკრეტული ფაქტორები, რომლებითაც განსაზღვრავდა და წინასწარგანჭვრეტდა კონკრეტულ მომენტებს იმ საგანთა მიმართებით, რომლებსაც ის პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებდა.

ეს ყოველივე იყო სრული მეცნიერული პროცესის დასაწყისი, რადგან ამ უკანასკნელმა გამოიწვია დღეისთვის არსებული მეცნიერება. ადამიანი ძველ დროში ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ უნდა დაეკმაყოფილებინა უკეთ მის გონებაში არსებული აუცილებლობები და ბუნებრივი სახის მოთხოვნიელებები, ამის გამო მან დაიწყო ხელსაწყოების შექმნა, ხოლო შემდგომში დაკვირვება ხელსაწყოზე და იმ ობიექტზე, რომელზედაც ის ზემოქმედებდა ხსენებული ხელსაწყოს მეშვეობით. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია წინასწარგანჭვრეტის პრაქტიკული გამოყენების დადგენა, რომელიც მეცნიერების ფუნდამენტს წარმოადგენს. თავად მეთოდს რაც შეეხება, ეს ყოველივე იყო პრაქტიკული მატერიალური საგნების იდეალიზირებულ სქემად გადარქმნის მცდელობა, რადგან ეს ყოველივე მოაზრებული იყო დაკვირვების მეშვეობით, ხოლო იდეალიზირებული სქემის გენერირება ხდებოდა მენტალური, რაციონალისტური მანიპულირებით, ემპირიულ გამოცდილებაზე.

თავად მეცნიერულ სტადიაზე გადასვლა გულისხმობდა კონკრეტულ პრინციპამდე მისვლას, რომელიც გულისხმობს, რომ ყოფიერებაში მოცემული განსხვავებული მომენტები, საგნები, სიტუაციები, ესენციები - ერთიანდება რაღაც კანონისა თუ კანონების ქვეშ. ამ პრინციპის მიხედვით კანონი არის სტატიკური, ხოლო მისი გამოვლინება არის დინამიური. კანონი შეიძლება რეპრეზენტირდეს ბევრნაირად, განსხვავებული გზით და განსხვავებული მნიშვნელობით. კანონის შესწავლა გულისხმობს იმ უნივერსალის შესწავლას, რომელიც განსაზღვრავს ეგზისტენსებს, მომენტუმებს და ა.შ.

ანტიკურობაში არსებულმა მრავალმა მსოფლხედვამ, შექმნა ერთგვარი „ფილოსოფიური კონკურენცია“, რომელმაც ამ პრინციპს დაუქვემდებარა შემეცნების ხასიათი. რომ არა მსგავსი სახის ანტიკური მსოფლხედვითი კონკურენცია, ვერ მივიღებდით ფილოსოფიისა და მეცნიერების განვითარებას. მეცნიერების უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს პროგნოსტიკული ხედვა. პროგნოსტიკული ხედვის განვითარებამ, თავის მხრივ, შექმნა გარდამტეხი პერიოდი მეცინერებამდელ(როცა მეცნიერება პოტენცია იყო) და მეცნიერულ პერიოდს შორის, ამ ყველაფერს კი დაემატა ევრისტიკა, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო გარდამტეხ კონდიციაში.

ანტიკური პერიოდი შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც „გარდამტეხი მომენტი“ მითოსურ და „მეცნიერულ“ აზროვნებას შორის. ანტიკურ საბერძნეთში გამოჩნდნენ ინდივიდუმები, რომლებიც უარს ამბობდნენ კონვენციური ხასაითის მტკიცებებზე და მოვლენის უფრო მეტად რაციონალური ახსნა აინტერესებდათ, ვიდრე რაიმე „ამბავი“, რომელიც სოციალურ დონეზე უცნაურად თან დაჰყვებოდა მოვლენას. მარტივად რომ ვთქვათ - აზროვნება „მითოსიდან ლოგოსში გადავიდა.“

პრესოკრატელი ფილოსოფოსები წარმოადგენენ პირველი „მეცნიერული აზრის“ მაგალითს კაცობრიობის ისტორიაში, რადგან ისეთი ფილოსოფოსები, როგორებიც არიან: თალესი, ანაქსიმენი, ანაქსიმანდრე, ჰერაკლიტე და ა.შ. ბუნებას განიხილავდნენ, როგორც კომპონენტებისგან შემდგარ ერთობლიობას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერძნებმა აღმოაჩინეს უმარტივესი პრინციპი, რომლითაც განსაზღვრეს ფილოსოფიისა და მეცნიერების განვითარება შემდგომ საუკუნეებში. ხსენებული პრინციპი შეიძლება, რომ გამოიხატოს ამგვარად - „სამყარო შემეცნებადია იმდენად, რამდენადაც გონი ფუნქციურად მიმართულია მისი შემეცნებისაკენ.“

ზემოხსენებული პრინციპი თან სდევდა ანტიკური პერიოდის ყველა ფილოსოფოსს. ხსენებულ პრინციპსს მხოლოდ კარგი არ მოუტანია, არამედ წარმოქმნა ტელეოლოგიური მსჯელობის მთელი ჯაჭვი, რომელიც ეპისტემოლოგიური მნიშვნელობის ესენციებს მიაწერდა ონტოლოგიასაც.

ანტიკურ პერიოდში, მეცნიერების მხრივ, არსებულთაგან მთავარ კატეგორიებს წარმოადგენდა: ნაწილი და მთელი; მიზეზობრიობა და აუცილებლობა, საგანი და მოვლენა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი სახის ანტიკურ-ფილოსოფიურ თუ მეცნიერულ მსჯელობაში აუციელბლად შევხვდებით ხსენებული კატეგორიებით მანიპულირებას. რა თქმა უნდა, ხსენებული კატეგორიები საერთოდ არ არის საკმარისი, რათა მეცნიერება იმგვარად აწარმოო, როგორც ეს ხდება ახლა. ამავდროულად მეცნიერება სხვა არაფერია თუ არა ცოდნათა წარმოება. ხსენებული კატეგორიებიდან ყველა საკუთარ მეცნიერულ მნიშვნელობას ატარებს.

ნაწილი და მთელი საინტერესო კატეგორიებს წარმოადგენენ. მთელი შედგება ნაწილებისგან. შესაძლებელია, რომ მთელი განიხილო, როგორც ერთიანობა ამ ნაწილების და მეტი არაფერი, მაგრამ შემდგომში განვითარებული მეცნიერება ამ მიდგომას არავალიდურად მიიჩნევს. მეორემხრივ, ლოგიკურ შეცდომად ითვლება, როდესაც ნაწილის თვისება მიეწერება მთელს იმ მიზეზით, რომ ნაწილს აქვს და პირიქით, მთელის თვისება ნაწილს, რადგან ის მთელს გააჩნია.

მიზეზობრიობა და აუცილებლობა წარმოადგენდა მეცნიერების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს კატეგორიებს , რადგან მიზეზობრივი განხილვა იძლევა საშუალებას, რომ აიხსნას ზოგადი სახის კანონზომიერება და შემდგომში, ამ კანონზომიერებიდან აუცილებლობით გამომდინარე მოვლენა, თუ საგანი. გამომდინარე აქედან, საგანი, ერთის მხრივ, შეიძლება განვიხილოთ სტატიკურად არსებულად, ხოლო მოვლენა დინამიკულ მომენტად. პირვალდენ მეცნიერებაში მსგავსი დახასიათება საკმარისი იყო, მაგრამ შემდგომმა განვითარებამ გვაჩვენა ამ ყველაფერში რა სახის შეცდომები იყო დაშვებული.

რენესანსის შემდგომი პერიოდის მეცნიერებამ გამოიწვია მეცნიერების ფილოსოფიის, როგორც დარგის, წარმოშობის აუცილებლობა, რომელიც პასუხისმგებელია თავად მეცნიერების ბუნების გამოკვლევაზე. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კარლ პოპერის „დემარკაციის პრობლემამდე“, რომელიც დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება. დემარკაციის პრობლემა შემდეგნაირად ჟღერს: ის, რასაც მეცნიერებას ვეძახით, შეიძლება შეცდეს (ისტორიის განმავლობაში ხშირად ცდებოდა კიდეც), ხოლო მან, რასაც ჩვენ ფსევდომეცნიერებას ვუწოდებთ, შეიძლება მოახერხოს და ჭეშმარიტებამდე მივიდეს (შემთხვევითობის ან რაიმე სხვა პრეკონდიციის საფუძველზე). შესაბამისად, პოპერისეული დემარკაციის პრობლემა საერთოდ არ მიესადაგება თეორიის სამართლიანობას, ჭეშმარიტებას, მეთოდს, არამედ პრობლემას უყენებს თავად საზღვარს, რომელიც მეცნიერებასა და ფსევდომეცნიერებას ერთმანეთისგან გამოჰყოფს.

ბეკონისეული და ნიუტონისეული ტრადიცია გვიჩვენებს, რომ მეცნიერება ფსევდომეცნიერებისაგან „ობიექტზე სუფთა დაკვირვებით“ და ინდუქციის მეთოდით განსხვავდება. სუფთა დაკვირვება გამორიცხავს მოცემულ საკითხთან მიმართებით ყოველგვარი „წინასწარსჯის“ არსებობას, რომლსაც იკვლევს მეცნიერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ შემმეცნებელი გონი საკუთარ თავში არ უშვებს წინასწარ რაიმეს, შემდგომში იკვლევს საკითხს, ხოლო საკითხის გამოკვლევაში, თავის მხრივ, არ არის სინთეზირებული ინტერსუბიექტური და იმანენტური გრძნობები თუ მომენტები, მაშინ ჩვენ ვიღებთ სუფთა დაკვირვებას, რომელიც გულისხმობს საგნის უშუალო მონაცემების განხილვას, ინდუქციის მეთოდის გამოყენებით.

რატომ შეიძლება, რომ ეს უკანასკნელი მივიჩნიოთ მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან მომენტად? იმიტომ, რომ თუ მეცნიერი უშუალო მონაცემებს ეყრდნობა და აქვს საჭირო მეთოდი, რომლითაც ამ უშუალო მონაცემებს შემდგომში განიხილავს, მაშინ სხვა ყველაფერი, რომელიც ამის საპირისპიროს აკეთებს, უნდა განვიხილოთ ფსევდომეცნიერებად. შესაბამისად, თითქოს ბეკონისეული და ნიუტონისეული ტრადიციული მიდგომა ყველაფერს ფარდას ხდის და გვთავაზობს საკითხის ერთგვაროვან ახსნას.

მაგრამ, პოპერი გვთავაზობს საკმაოდ ძლიერ კონტრარგუმენტს ამ ყველაფერთან მიმართებაში. მისი მიხედვით არ არსებობს „სუფთა დაკვირვების“ ფენომენი, რადგან ყველა მეცნიერული გამოკვლევა არის სელექციური. მეცნიერი, ან მეცნიერთა ჯგუფი, ირჩევს კონკრეტულ საკვლევ საკითხს და წარმართავს კვლევას, ხოლო როგორც პროცესს, ასევე თავად საკითხს თან სდევს კონკრეტული სახის ჰიპოთეზები, თეორიები და წინასწარდაშვებები, რომლებმაც გამოიწვია კონკრეტულად ამ და არა რომელიმე სხვა საკითხის ამორჩევა. პოპერი მაგალითსაც კი გვთავაზობს და გვეუბნება, რომ „სუფთა დაკვირვების“ არსებობის შემთხვევაში, არ იარსებებდა „დაკვირვების სელექცია“, შესაბამისად, ამგვარ მეცნიერს მოუწევდა, რომ ყველაფერთან მიმართებაში ინდიფერენტული ყოფილიყო, ყველაფერი უბრალოდ აღექვა და ეს აღქმული ინფრომაცია განურჩევლად დაეხარისხებინა, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდის ტოლფასია. შესაბამისად, პოპერის კონტრ-არგუმენტი ამ ყველაფერთან მიმართებაში საკმაოდ საინტერესო და ვალიდურია. შემდგომში, პოპერი თავად აყალიბებს კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც არ უნდა გაგვიჭირდეს მეცნიერებისა და ფსევდომეცნიერების გარჩევა ერთმანეთისგან. ხსენებულ მიდგომას კი ეწოდება - ფალსიფიკაციის პრინციპი. ხსენებული პრინციპი გვთავაზობს, რომ თეორია შევაფასოთ მისი რისკებიდან გამომდინარე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა შემეცნებითი თეორია აკეთებს მტკიცებითი სახის განაცხადს ონტოლოგიის კონკრეტულ ინსტანციაზე. ხსენებული განცხადება, რა თქმა უნდა, ატარებს არა მხოლოდ პოზიტიური სახის მტკიცებას, არამედ „კრძალავს“ კიდეც რაღაც სახის ხდომილებებს. თუ ის ხდომილება მოხდება, რომელსაც თეორია სრულებით უპირისპირდება, მაშინ ვიტყვით, რომ თეორია არასწორი იყო, ხოლო თუ ამგვარი სახის ტესტს გაუძლო, მაშინ ვიტყვით, რომ თეორია ამჟამად მუშაობს. თეორია იქნება თუ არა ჭეშმარიტი არ მეტყველებს მის მეცნიერულობაზე, რადგან მისი მეცნიერულობა ზუსტადაც, რომ ფალსიფიკაციის პრინციპში იმყოფება. თუ თეორია არ არის „გადამოწმებადი“, ანუ ის არ კძალავს რაიმეს, რაც შეიძლება რომ აქტუალიზირდეს, მაშინ ის არ უნდა ჩაითვალოს მეცნიერულად.

მაგალითისთვის, აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია (1915) გულოსხმობდა კონკრეტულ პროგნოზს: მზის გრავიტაციული ველი უნდა ღუნავდეს სინათლის სხივს. ეს პროგნოზი შემოწმდა 1919 წელს, ედინქტონის ექსპედიციის დროს, მზის დაბნელებისას, სინათლის არ მოღუნვის შემთხვევაში - თეორია ფალსიფიცირდებოდა. მეორე მაგალითისთვის შეგვიძლია, რომ მოვიყვანოთ მენდელის პროგნოზი ბარდის ყვავილთან მიმართებაში: F1 თაობაში მხოლოდ დომინანტი ტიპი უნდა გამოვლინდეს; F2 თაობაში უნდა მივიღოთ 3:1 თანაფარდობა. საკმარისი იყო, რომ სხვა შედეგი მიგვეღო და თეორიას ჩავთვლიდით, როგორც არაჭეშმარიტს, შესაბამისად ხსენებული თეორია ფალსიფიცირებადი იყო.

შესაბამისად, ყველა ნამდვილი სამეცნიერო თეორია, პოპერის თვალსაზრისით, არის ამკრძალავი, რადგან ბუნებისმეტყველების თეორიები უნივერსალური დებულებების ფორმას იღებენ. "ყველა A არის X „ ექვივალენტურია „არც ერთი A არ არის არა-X" დებულების, რაც ბათილდება, თუ "ზოგიერთი A არის არა-X" აღმოჩნდება ჭეშმარიტი. მაგალითებს რაც შეეხება, ზემოთ იქნა მოყვანილი, ამიტომაც ნებისმიერი სამეცნიერო თეორია ამგვარი სახის ფორმას ატარებს და არა რაიმე განსხვავებულს. პოპერის მიხედვით, ზუსტად ეს განასხვავებს მეცნიერებასა და ფსევდო-მეცნიერებას ერთმანეთისგან.

შესაბამისად, პოპერის მიხედვით, ფიზიკა მიჩნეულია, როგორც მეცნიერება; ფსიქოანალიზი, როგორც წინა-მეცნიერება, ხოლო ასტროლოგია ითვლება ფსევდომეცნიერებად.

პოპერისეულმა მსჯელობამ გამოიწვია კონკრეტული სახის ნიუანსებზე დებატები და ახალი მიდგომები. იმრე ლაკატოსი აყალიბებდა სამეცნიერო პროგრამების მეთოდოლოგიას (Methodology of Scientific Research Programmes). ლაკატოსის მიხედვით მეცნიერების განვითარების არსი საერთოდაც არ მდგომარეობს ცალკეული თეორიების ფალსიფიკაციაში. შესაბამისად, მეცნიერების ბუნებას არ განსაზღვრავს ეს უკანასკნელი, მრავალი სხვა მომენტის გამო. მთავარი არსი მდგომარეობს არა ცალკეულ თეორიებში, არამედ მთლიან კვლევით პროგრამებში, რომლებსაც გააჩნიათ: 1) ცენტრალური(მყარი) ბირთვი (Hard Core) - ძირითადი დაშვებები, რომლებსაც მეცნიერები არასდროს ცვლიან; 2) დამცავი სარტყელი (Protective Belt) - დამხმარე შეხედულებები და ჰიპოთეზები, რომლებიც იცვლებიან ქრონოტოპოსული კონდიციების მიხედვით, ანუ მონაცემთა ცვალებადობა იწვევს მათ ცვლილებასაც. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, ლაკატოსმა მოიყვანა ისტორიული მაგალითები, რომელთა მიხედვითაც მეცნიერების ისტორია საერთოდ არ მიყვებოდა პოპერისეულ მსჯელობას - ნიუტონის თეორია არ უარყვეს იმის გამო, რომ ურანის ორბიტა არ ემთხვეოდა თეორიის პროგნოზებს.

ამ და სხვა მაგალითების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ: თეორია საკუთარ თავს იცავს კონკრეტული სახის ემპირიული მონაცემებისგან, ამ ყველაფრისთვის კი მას გააჩნია დამცავი სარტყელი. შეიძლება, რომ სარტყელში მოცემული დებულებები და ჰიპოთეზები შეიცვალოს, მაგრამ ცენტრალური ბირთვი იგივე რჩება. ის პოპერისეულ მიდგომას უწოდებს „ნაივურ ფალსიფიკაციონიზმს“. ლაკატოსი სრულებითაც არასწორად მიიჩნევს მიდგომას, რომლის მიხედვითაც თეორია უარყოფილ უნდა იქნას თუნდაც ერთი საპირისპირო ემპირიული ხდომილების შემთხვევაში, არამედ ის ყოველთვის უნდა ჩაანაცვლოს უკეთესმა თეორიამ. არასდროს უნდა უარვყოთ თეორია ანომალიების გამო, უნდა შევაფასოთ კვლევითი პროგრამის პროგრესულობა და უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული კონტექსტი. არსებობს პროგრესული პროგრამები და რეგრესული პროგრამები. პროგრესული პროგრამა გულისხმობს დროსთან მიმართებაში ახალი პროგნოზების გაკეთებას, ხოლო რეგრესული პროგრამები ჩამორჩნენ დროს და პროგნოზებს დაგვიანებით აკეთებენ.

შესაბამისად ამისა, არასდროს არსებობს რომელიმე პროგრამის ტრიუფის გარანტია და - პირიქით, რომელიმე პროგრამის მარცხის გარანტია. ამ მსჯელობის მიხედვით მეცნიერება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ფალსიფიკაცია მოცემული ფაქტებით.

აქვე გასათვალისწინებელია ფეიერაბენდის მეთოდოლოგიური ანარქიზმი, რომელიც ემყარება პრინციპს - „Anything goes!” (ყველაფერი გამოდგება). მისი მიხედვით, ინვოაციური მიღწევები ისტორიის განმავლობაში, ხშირად მოითხოვდა კლასიკური მეთოდიდან გადახვევას, ირაციონალურ ნახტომებს და ა.შ. შესაბამისად, მეცნიერებას არ გააჩნია რაიმე სახის ერთი უნივერსალური მეთოდი და პრინციპი, რის გამოც ეს უკანასკნელი ჩაითვლებოდა მეცნიერებად. მისი მიხედვით თეორიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან კატეგორიულად და ცნებობრივადაც კი, ამიტომაც მათი ობიექტურ დონეზე შედარება აწყდება სერიოზულ სირთულეებს და შეუძლებელიც კი არის. მისი მიხედვით მეცნიერება უნდა განთავისუფლდეს მეთოდოლოგიური შეზღუდვებისგან. აქვე შეგვიძლია ხსენებულ მსჯელობებს დავუპირისპიროთ კუნისეული პარადიგმის (ბერძნ. ნიმუში) თეორია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მეცნიერება საერთოდაც არ ვითარდება თანმიმდევრული პროგრესით, არამედ რევოლუციური ცვლილებები იწვევენ მეცნიერების ამოტრიალებასა და განვითარებას. „ნორმალური მეცნიერება“ მუშაობს პარადიგმის ფარგლებში და მის ინიციატივაში არც კი შედის ის, რომ პარადიგმას გადაუხვიოს, არამედ - პირიქით. მაგრამ, როდესაც პარადიგმის ჩარჩოში მუშაობისას, ნორმალური მეცნიერება წააწყდება იმგვარი შინაარსის მონაცემს, რომელიც პარადიგმის ცვლილებას ითხოვს, პარადიგმის შეცვლა გარდაუვალი ხდება.

პარადგიმების შედარება, კუნის მიხედვით, არის შეუძლებელი, რადგან ისინი ერთგვარ „სხვადასხვა სამყაროებს“ წარმოადგენენ. ანომალიები კი თავად პარადიგმის სივრცეში გროვდება იქამდე, სანამ პარადიგმული კრიზისი არ წარმოიშობა, კრიზისი კი საბოლოოდ იწვევს ახალი პარადიგმის კონსტრუირებას. კუნისეული პარადიგმის თეორია ხაზს უსვამს მეცნიერების ტრადიციულობას. მეცნიერება არის სოციალური დატვირთვის მქონე, ტრადიციული დისციპლინა, რომელიც იყენებს ამ უკანასკნელს გამოკვლევისთვის და მხოლოდ „ტრადიციული კრიზისი“ იწვევს ხსენებულის გადახედვას, რამაც შემდგომში აუცილებლობით უნდა განაპირობოს ახალი სახის ტრადიციები.

შესაბამისად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნორმატიული მნიშვნელობით, პოპერის მიდგომა, ჭეშმარიტებისგან არც ისე შორს არის. მაგრამ, თეორიის იმგვრად შედგენა, რომ ის ფალსიფიცირებადი იყოს, გულისხმობს იმგვარი ხდომილების დაშვებას, რომელმაც შეიძლება, რომ თეორიის არაჭეშმარიტება დაამტკიცოს, შესაბამისად, პოპერის მიხედვით - თეორია მაშინ არის მეცნიერული, როდესაც მსგავსი სახის რისკი არსებობს, ხოლო თეორიები, რომლებიც არ „რისკავენ“ არ ატარებენ მეცნიერულ ხასიათს. მეორემხრივ, პოპერი როდესაც აღწერს მეცნიერების ბუნებას, მის პროგრესს, ის აუცილებლად ცდება, რადგან ჩვენ რიგი ფაქტები გვაქვს იმისა, რომ თეორია არ შეიცვალა ფალსიფიკაციის შემდეგ - ბორის ატომის მოდელი ვერ ხსნიდა მრავალელექტრონიან ატომებს და მხოლოდ მას შემდგომ ჩანაცვლდა, რაც კვანტური მექანიკა განვითარდა; ვეგნერის კონტინენტების თეორია; დარვინის ევოლუციის თეორია, რომელიც ვერ ხსნიდა მემკვიდრეობის მექანიზმს, ნამარხთა ჩანაწერებში ხარვეზებს და ა.შ. პრიონების თეორია; კვანტური მექანიკა, რომელიც ვერ ხსნიდა აინშტაინის EPR პარადოქსს; ავოგადროს თეორია, რომელიც ნახევარი საუკუნე უარყოფილი იყო და შემდეგ დადასტურდა და ა.შ.

მეცნიერებას არ ახასიათებს ერთგვაროვანი ბუნება, მისი განსხვავება მეთოდის საფუძველზე ნაკლებად აქტუალურია, რადგან მეთოდები მუდმივად შეიძლება, რომ იცვლებოდეს, ხოლო ფსევდომეცნიერებამ კი შეიძლება, რომ დროის კონკრეტულ მომენტში შეითავსოს ხსენებული მეთოდი. კონსეკვენციალისტურად დემარკაცია კი პარადოქსს იწვევს, რადგან მეცნიერება ცდება ხოლმე, ისევე როგორც ფსევდო მეცნიერება და ჭეშმარიტებას შეიძლება, რომ ორივემ მიაგნონ. პროგნოზირება ხსენებულ კატეგორიაში გადის, რადგან ორივეს მიდრეკილება აქვს იმისკენ, რომ პროგნოზი გააკეთონ და ასევე შეიძლება, რომ შედეგი დაემთხვეს. ამიტომაც, რაში მდგომარეობს მეცნიერების არსი და რითი განსხვავდება ის ფსევდომეცნიერებისაგან?

მეცნიერების მთლიანი ბუნება შეიძლება რომ გამოიხატოს არა ფალსიფიკაციით, ტრადიციითა და მეთოდით, არამედ ფილოსოფიური გადაფასებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეცნიერება არ არის ზოგადი დარგი, არამედ ის იკვლევს კონკრეტულ მომენტებს ონტოლოგიაში, შესაბამისად ჩვენ გვაქვს უფრო ზოგადი დარგი, რომელიც შეძლებს ამ უკანასკნელის შეფასებას. ამ შემთხვევაში ხსენებული მეცნიერების ფილოსოფია და საბოლოოდ, ზოგადად ფილოსოფია, რომელმაც ზოგად სისტემატიზირებულ სფეროში უნდა შეძლოს მეცნიერების მიერ გამოკვლეული კონკრეტული მომენტების შეფასება. თუ თეორია არ ეწინააღმდეგება იმ ზოგად პრინციპებს, რომლებიც რაციონალისტურ დონეზე უარყოფადი არ არის და ამავდროულად კონკრეტული მონაცემებისა და მსჯელობის საფუძველზე არის წარმართული ის თეორიული პროგნოზი და შედეგი, რასაც საბოლოოდ ვიღებთ, მაშინ ეს უკანასკნელი უნდა იქნეს განხილული მეცნიერებად. ასევე, ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ თეორია აბდუქციის მიხედვით, რამდენად დიდ ლოგიკურ ნახტომს აკეთებს და რამდენად დიდ დაშვებებს გამოკვლევისას. დოქსასტური რწმენების სინთეზირება გამოკვლევასთან და ლოგიკური ნახტომები უნდა მივიჩნიოთ ფსევდომეცნიერების სიმპტომად და არა მეცნიერების, ხოლო ამ ყველაფერს კავშირი არ აქვს უშუალოდ მეთოდთან, რადგან მეთოდი ყალიბდება მას შემდგომ, რაც გაკეთდება წინასწარგანსჯა იმის შესახებ, რომ არ არის საჭირო არავალიდური დაშვებები.

შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, რომ მეცნიერების ბუნება განვიხილოთ, როგორც ზემოხსენებული თეორიების სინთეზი, მაგრამ ის აუცილებლად უნდა დავუქვემდებაროდ შეფასებით სისტემას, რომელიც განსაზღვრავს ამ უკანასკნელს, ხოლო შეფასებითი სისტემა თავად მეცნიერებას არ ეკუთვნის. შეფასებითი სისტემა, მეცნიერების ფილოსოფიაში და თავად ფილოსოფიაში კი უნდა ჩამოყალიბდეს სრული რაციონალისტური სიზუსტით, რომელიც დაადგენს იმ ჩარჩოს, რომლის უარყოფაც ლოგიკურ და ფილოსოფიურ დონეზე შეუძლებელია.

შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ შემდეგნაირ შედეგს - ის საიდანაც წარმოიშვა მეცნიერება, არის ფილოსოფიის წიაღი, ხოლო ფილოსოფიას გააჩნია ის რაციონალისტური პროპოზიციები, რომელთა უარყოფაც, არც ერთ პარადიგმულ მომენტში არ არის შესაძლებელი, არამედ ისინი აუცილებლობით გამომდინარეობენ იმ ონტოლოგიებიდან, რომლებიც არ ქმნიან პარადოქსს თავისთავში, ამიტომაც ნებისმიერი თეორია, რომელიც შეესაბამება ამ უკანასკნელს და ამავდროულად, საკუთარ თავში არ იტევს ლოგიკურ ნახტომებსა და დაშვებებს უნდა იქნეს განხილული მეცნიერულად. მისი არაჭეშმარიტების დამტკიცების შემთხვევაში, კი უნდა გადაინცავლოს ფსევდომეცნიერების დარგში, რადგან თეორია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერებად, სანამ ის ღირსეულად აღწერს მონაცემებს, ხოლო თუ შემდგომში მტკიცდება, რომ ხსენებული თეორია რაღაც სახის მონაცემებს არასწორად ხსნის ან გვერდს უვლის, მაშინ, როდესაც უნდა ხსნიდეს, ვიღებთ ფსევდომეცნიერულ თეორიას. ამიტომაც, ნებისმიერი თეორია შეიძლება, რომ გახდეს ფსევდომეცნიერული, მაშინ, როდესაც დამტკიცდება, რომ ის შეუსაბამობაში მოდის მეცნიერების ზოგად პრინციპთან, რომელიც გულისხმობს, შემეცნების მეშვეობით, კონკრეტულ ონტოლოგიურ მოცემულობებში, ჭეშმარიტების დადგენას.

ბიბლიოგრაფია

Kuhn, T. (1962). The Structure of Scientific Revolutions. University of Chicago Press.

Popper, K. (1959). The Logic of Scientific Discovery. Routledge.

Lakatos, I. (1978). The Methodology of Scientific Research Programmes. Cambridge University Press.

van Fraassen, B. (1980). The Scientific Image. Oxford University Press.

Longino, H. (1990). Science as Social Knowledge. Princeton University Press.

Harding, S. (1986). The Science Question in Feminism. Cornell University Press.

Feyerabend, P. (1975). Against Method. Verso.

Laudan, L. (1977). Progress and Its Problems. University of California Press.

Carnap, R. (1936). Testability and Meaning. Philosophy of Science.

Hempel, C. G. (1965). Aspects of Scientific Explanation. Free Press.

თემურ ვაგიევი

ფილოსოფოსი

რეკომენდირებული სტატიები

  • 20 თებერვალი, 2025

ცნების საკითხზე

რა არის ცნება, როგორც ზოგადობა?

თემურ ვაგიევი
ეპისტემოლოგია, ლინგვისტიკის ფილოსოფია, ონტოლოგია
  • 26 ნოემბერი, 2020

ცნობიერაბა ღვთის შესახებ

დიალექტიკური კვლევა არისტოტელესა და ფიხტეს ცნობიერების ფილოსოფიაში

ავთანდილ ლომთათიძე
ფილოსოფია, ცნობიერება