დროის ონტოლოგიის საკითხი წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ თემას ფილოსოფიაში, რომელიც ეხება თვით ყოფიერების რეჟიმს, მისი მიმდინარეობისა და არსებობის ფორმას. მარადიული კვლავდაბრუნების იდეა ამ კონტექსტში წარმოჩინდება, როგორც დროის ციკლურობის, უსასრულობისა და თვითგანმეორებადობის პრინციპი, რომელიც უარყოფს დროის ხაზობრივ, მიზანმიმართულ მიმდინარეობას, სადაც დრო ნიღაბია, რომელიც მარადისობას აცვია. ეს ხედვა მიგვანიშნებს, რომ ყოფიერება არ არის მოძრაობა დასაწყისიდან დასასრულისკენ, არამედ უსასრულო ბრუნვა, რომელშიც ყოველივე არსებული კვლავ და კვლავ იბადება იმავე ფორმით : “უგნურნი არიან, ნაკლულნი შორსმწვდომი აზროვნებისა, ვისაც ჰგონია, იმას შეეძლოს წარმოშობა, რასაც უკვე არ უარსებია“ (შოპენჰაუერი, 2024, გვ.471) . ასეთ გაგებაში დრო არ არის შემთხვევითი, ან გარეგანი განზომილება, არამედ თავად არსებობის შინაგანი რიტმი, წარუვალი მოძრაობა, რომელიც აერთიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთიან მარადიულ პროცესში. მაგრამ იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რა არის დრო მარადიულ კვლავდაბრუნებაში, მანამდე აუცილებელია გავიგოთ რა არის თავად მარადიული კვლავდაბრუნება.
მარადიული კვლავდაბრუნების იდეის ფესვები ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში მოიძიება ბაქკოსის ღვთაებისა და ორფიკოსთა მისტიკურ სწავლებებში. მათი რწმენით, ყოველი ცოცხალი არსება დაკავშირებულია არსებობის ბორბალთან, რომლის მუდმივი ბრუნვა სიცოცხლისა და სიკვდილის უსასრულო ციკლს წარმოქმნი (რასელი, 2023). მსგავსად, ციკლურობის სიმბოლოდ შეიძლება მივიჩნიოთ „Ouroboros“, გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს. ეს სიმბოლო გვხვდება როგორც ეგვიპტურ, ისე ინდურ და ნორდიკულ კულტურებში (feelnopain.it, 2023) . თუმცა, ამ მაგალითებში მარადიული კვლავდაბრუნების იდეა სრულად არ არის ჩამოყალიბებული, ისინი მხოლოდ მის საფუძველს წარმოადგენენ, რომელზეც შემდგომში ფილოსოფიური ინტერპრეტაციები დაფუძნდა. მათ შორის, ანაქსიმანდრეს სიტყვები ამ კონცეფციის ადრეულ გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს:
რისგანაც ყველა საგანი წარმოიქმნება, მასვე კვლავ უბრუნდებიან ისინი, როგორც დადგენილია, რადგან ისინი დროის წესრიგის შესაბამისად ერთმანეთს უნაზღაურებენ მიყენებულ უსამართლობას“
ამგვარად, არსებობის ციკლურობის იდეა სამყაროს ბუნებრივ კანონად განიხილება. აღნიშნული მსოფლმხედველობა მნიშვნელოვანი იყო პითაგორელებისათვისაც, რომელთა აზრით, ყოველი არსება და მოვლენა კვლავ იბადება ციკლურ წრებრუნვაში, რის შედეგადაც სამყაროში არაფერია აბსოლუტურად ახალი (რასელი,2023, გვ 59).
მარადიული კვლავდაბრუნების იდეის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ჰერაკლიტეს ფილოსოფიას უკავია. მისი მსოფლმხედველობის თანახმად, სამყარო არასდროს შექმნილა, იგი მარადიულია და მისი არსი უწყვეტ მოძრაობაში მდგომარეობს. სამყაროს არ გააჩნია არც მიზეზი და არც მიზანი, ის არც არავის შეუქმნია და არც არავისთვის, არამედ ყოველთვის არსებობდა როგორც „მარადი ცეცხლი“ (ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, 1993, გვ28-30). ჰერაკლიტეს ფილოსოფიის გაგრძელებად, აღნინულ საკითზე შეიძლება ჩაითვალოს სტოიკოსთა მოძღვრება. მათთვის ღმერთი სამყაროს სულია, რომელიც ჰერაკლიტეს ლოგოსის ეკვივალენტურია. განსაკუთრებით ძენონის მიხედვით, სამყარო უსასრულოდ განმეორებადია, ყველაფერი, რაც ხდება, უკვე მომხდარა და კვლავ მოხდება უსასრულოდ, არა ერთხელ და ორჯერ , არამედ დაუსრულებლად (გოგიბერიძე, n.d , გვ 214-224).
აღნიშნულ ფილოსოფიურ მიმდინარეობებში მარადიული კვლავდაბრუნების იდეა წარმოდგენილია ფრაგმენტულად და მეტწილად მისტიკურ სახით, ვიდრე დამტკიცებად თეორიად. ამ პროცესს დაემატა ქრისტიანობის გავრცელება, რომელმაც დასავლურ ფილოსოფიაში ხაზგასმით დაამკვიდრა ლინეური დროის აღქმა, რომ სამყაროს აქვს დასაწყისი და დასასრული. ამ კონტექსტში მარადიული კვლავდაბრუნების იდეა მწვალებლობად მიიჩნეოდა, რის შედეგადაც იგი ფილოსოფიური დისკურსიდან გამოდინდა. იდეას სრულიად ახალი სიცოცხლე ფრიდრიხ ნიცშემ შესძინა. იგი მარადიულ კვლავდაბრუნებას საკუთარ „ყველაზე ღრმა აზრს“ უწოდებდა და პირად აღმოჩენად მიიჩნევდა. მართლაც, ნიცშემ ამ იდეას თანამედროვე ფორმა მისცა, ისეთი, როგორიც დღეს გვესმის და მის ინტერპრეტაციას მხოლოდ მინიმალური მსგავსება აკავშირებს ჰერაკლიტესა, თუ სხვა ანტიკურ ფილოსოფოსებთან. საინტერესოა, რომ ნიცშეს ეპოქაში მსგავსი მოტივი გვხვდება ფიოდორ დოსტოევსკისთანაც. რომანში „ძმები კარამაზოვები“, ეშმაკი ივანე კარამაზოვს ეუბნება: „ახლანდელი დედამიწა იქნებ თვითონ ბილიონჯერ განმეორდა. მოკვდა, გაიყინა, დაიბზარა, გაიფანტა, შემადგენელ ნაწილებად დაიშალა, ისევ წყალი, ისევ მზე... ეს განვითარება ხომ ალბათ უკვე უსასრულოდ მეორდება და თანაც ყველაფერი ერთნაირად, განუსხვავებლად“ (დოსტოევსკი, 2019, გვ 777). აღსანიშნავია ისიც რომ, ნიცშესთვის მარადიული კვლავდაბრუნება არა ფსიქოლოგიური, ან მორალური დაბრკოლებაა, არამედ სამყაროს ფუნდამენტური ონტოლოგიური პრინციპი. იგი ამ იდეას ყველაზე ფართოდ განავრცობს თავის ძირითად ნაშრომებში „ძალაუფლების ნება“, „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ და „მხიარული მეცნიერება“. თუმცა, საბოლოოდ ნიცშეს მარადიული კვლავდაბრუნების იდეა დასაბუთებულია არა მხოლოდ ამ ტექსტებით, არამედ მთლიანად მისი ფილოსოფიური სისტემით, სადაც იგი სამყაროს არსებობის ყველაზე ღრმა საფუძვლად გვევლინება.
მოკლედ რომ განვმარტოთ, ნიცშეს მიერ შემუშავებული მარადიული კვლავდაბრუნების იდეა გულისხმობს იმას, რომ სამყაროში არსებული ყველაფერი : მოვლენები, ქმედებები, აზრები და სიცოცხლის ფორმები უსასრულოდ მეორდება ერთსა და იმავე რიგში და ფორმით. ეს არ არის მხოლოდ დროის ფიზიკური ციკლურობის ჰიპოთეზა, არამედ ონტოლოგიური პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყოფიერება არ მოძრაობს მიზნისკენ, არამედ საკუთარ თავში ბრუნავს. ამგვარად, ყოველი მომენტი ატარებს აბსოლუტურ მნიშვნელობას, რადგან ის განწირულია კვლავ განმეორდეს იმავე სახით: "კვლავ მარად უკუ ვიქცევი ამა და ამავე ცხოვრებად, დიდით და მცირედით" (ნიცშე, 2024, გვ 220).
ახალგაზრდობაში ნიცშე გატაცებული იყო არტურ შოპენჰაუერით, რომლის ფილოსოფიაშიც ნება ფუნდამენტურ როლს თამაშობს, თუმცა შოპენჰაუერისგან განსხავვებით, ნიცშემ ნებისგან არა პესიმისტური მსოფლაღქმა გამოიყვანა, არამედ პესიმიზმსა და ნიჰილიზმს გადალახავს სწორედ ძალაუფლების ნებაზე დაფუძნებული ფილოსოფიით: „იმაში, რაც არსებობს, არაფერია ზედმეტი და უსარგებლო“ (ნიცშე, 2024, გვ 97). ამიტომაც, ძალაუფლების ნება ის ფუნდამენტია რომელზედაც დგას მარადული კვლავდაბრუნების იდეაც ნიცშეს ფილოსოფიაში, რის გამოც ამ იდეის განხილვა ძალაუფლების ნების იდეისგან იზოლირებულად შეუძლებელია. ძალაუფლების ნება ეს არის თვით არსებობის დინამიკა, ერთგვარი ენერგია, რომელიც ყველა არსებაში, მოვლენასა და პროცესში თვითგაფართოების, თვითდამკვიდრებისა და ძალის გამოვლენისკენ მიისწრაფვის: “ ქმნადობაზე ყოფიერების ხასიათის ამოტვიფრა - ეს არის უმაღლესი ნება ძალაუფლებისაკენ“ (Nietzsche, 1968, გვ.330). სამყაროში არ არსებობს რაიმე „მუდმივი არსი“, ან სტატიკური „სუბსტანცია“, ყოველივე ყოფნა არის ძალაუფლების ნებების შორის დაუსრულებელი თამაში და ურთიერთბრძოლა. სადაც სიცოცხლეა იქაა ძალაუფლების ნებაც, „ თვით ცხოვრება არის ძალაუფლებისკენ ნება“ (ნიცშე, 2021, გვ 51). ნიცშესთან ნება მხოლოდ ძალაუფლებისკენ არსებობს, ხოლო თავად ძალაუფლება კი, სხვა არაფერია, თუ არა თავად ნების არსი, შესაბამისად თუ რაიმე გვნებავს, მხოლოდ ძალაუფლება გვნებავს, ხოლო თუ ვფლობთ ძალაუფლებას ე.ი გვნებავს. სწორედ ეს დაუკებელი სურვილი არის ძალაუფლების ნების უმთავრესი საფუძველი, იგი აუცილებლად უნდა მატულობდეს, მუდმივად უნდა ლახავდეს საკუთარ თავს და ფუძნდებოდეს ახალ შინაარსში. ნიცშე მიიჩნევს რომ ძალაუფლების ზრდა არ უნდა ჩერდებოდეს, რადგანაც ძალაუფლების სტაგნაცია რეგრესია, უკუსვლაა, ხოლო “ გქონდეს და გინდოდეს უფრო მეტი, ერთი სიტყვით, ზრდა - ამაშია თვით სიცოცხლე“ (Nietzsche, 1968 , გვ.112).
ნიცშეს მიერ შემოთავაზებული სამყაროს ონტოლოგიური სურათი არსებითად გარდატეხს ტრადიციულ მეტაფიზიკურ აზროვნებას. ღმერთის „სიკვდილი“ ნიშნავს იმას, რომ აღარ არსებობს უძრავი, მარადიული და უცვლელი იდეალური სამყარო, აბსოლუტური ჭეშმარიტებისა და ღირებულებების სფერო, რომელსაც პლატონური ან თეოლოგიური აზროვნება იცავდა. რადგან ღმერთი და იდეალური სამყარო აღარ წარმოადგენენ ყოფის განმსაზღვრელ საფუძველს, არსებული უნდა გაიგონ თვითონ თავისი არსებობის ფარგლებში. ნიცშესთვის „არსებული“, როგორც ასეთი, აღარ არის სტატიკური „ყოფა“, არამედ სიცოცხლე, დინამიკური, მუდმივად თვითქმნადი და ცვალებადი პროცესი. სამყაროს არსი მის დროში და სივრცეში გაშლილ, მარად გადაქცევად ბუნებაში მდგომარეობს. ეს პროცესი არ ემორჩილება არც მიზანს და არც საბოლოო მიზნობრიობას, იგი არის უწყვეტი თვითგახსნა, თვით-მარადიული კვლავდაბრუნება, რაც სწორედ ძალაუფლების ნებას წარმოადგენს (პოპიაშვილი, 1988 , გვ 125-131).
შესაბამისად მარადიული კვლავდაბრუნება წარმოადგენს სწორედ ამ ძალაუფლების ნების ონტოლოგიურ დადასტურებას: „და ეს საიდუმლოება თვით ცხოვრებამ გაამხილა: " უყურე, სთქვა მან, მე ისა ვარ, რაც მარად თავის თავს უნდა სძლევდეს" (ნიცშე, 2024 , გვ 112), შესაბამისად თავად ძალაუფლების ნება მოითხოვს საკუთარ არსში მარადიულობას, უსასრულო უკუქცევას. სამყაროს თუ არაფერი აქვს მიზანი, ზნეობრივი მიზნობრიობა ან საბოლოო დასასრული, მაშინ მას მხოლოდ იმპულსი აძლიერებს, ძალაუფლების ნება, რომელიც უსასრულოდ გამეორებად ფორმებში ავლენს საკუთარ თავს. ამდაგვარად მარადიული კვლავდაბრუნება ეს არის სამყაროს ფორმა: ციკლური, უსასრულო, განმეორებადი, ხოლო ძალაუფლების ნება არის სამყაროს შინაარსი, მისწრაფება, სიცოცხლის ფუნდამენტი, მეტიც, თავად სიცოცხლე, რომელიც ამ ციკლს ამოძრავებს. ამიტომაც, რადგანაც ნიცშეს აზრით, სამყაროში არ არსებობს ზნეობრივი ან გონებრივი მიზანი, არსებობს მხოლოდ ძალაუფლების ნებების ურთიერთობა, რომელიც უსასრულოდ იბადება და ქრება, მაგრამ არსებითად არასდროს მთავრდება. სწორედ ამ მოძრაობის მარადიულობა ნიშნავს იმას, რომ ყოველი მოვლენა, ქმედება და სიცოცხლის ფორმა გამეორდება უსასრულოდ, რადგან ძალაუფლების ნება, როგორც ყოფნის იმპულსი, ვერასდროს ჩერდება (ბუაჩიძე, 2013 , გვ 108-115).
ამდაგვარად, ნიცშე სამყაროს, როგორც მთლიანობის, საკუთარ გაგებას გვთავაზობს , სადაც ვერ იპოვით ვერაფერს, რაც მოკლებულია მარადიულობასა და ძალაუფლებისაკენ ნებას. სამყარო თავად სიცოცხლეა და ყველაფერში, რაც არსებობს, ქვიდან დაწყებული ადამიანით დამთავრებული, ერთნაირად ვლინდება სიცოცხლის არსება, ანუ ძალაუფლების ნება: „ სადაც ცოცხალი მინახავს, იქ ნებაც მიპოვნია ხელმწიფებისა“ (ნიცშე , 2024 , გვ 111) . ნიცშესთვის არსებული თავისი არსით არის სიცოცხლე, არა სტატიკური, ან დასრულებული, არამედ დინამიკური, მუდმივად ქმნადი და ცვალებადი ყოფნა, რაც ახლოა ჰაიდეგერის ყოფიერების განმარტებასთან. სამყაროს არსებობა დროსა და სივრცეშია „გაშლილი“, იგი არ წარმოადგენს ერთჯერად აქტს, არამედ უწყვეტ პროცესს მარადიულ თვითქმნასა და გარდაქმნას. სიცოცხლის ამ დინამიკის შინაარსს ნიცშე განსაზღვრავს როგორც ძალაუფლების ნებას. ამ გაგებით, ნიცშესთვის სიცოცხლე არა მხოლოდ ცალკეული პროცესების ჯამია, არამედ მთლიანობა, ყოფნის ფორმა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ არსებობს ყოველი არსებული. სწორედ აქ ჩნდება კავშირი მარადიულ კვლავდაბრუნებასთან: თუ ძალაუფლების ნება პასუხობს კითხვას: „რა არის არსებული“, მარადიული კვლავდაბრუნება განსაზღვრავს - , „როგორ არის“ იგი, როგორც ამას მარტინ ჰაიდეგერი განმარტავდა (ნიცშე , 2024 , გვ 262).
საბოლოოდ, რაც ბრუდება ეს თავად ძალაუფლების ნებაა, იგივე, რაც სიცოცხლე, იგივე, რაც ყოფიერება, იგივე, რაც სამყარო. ამრიგად, ნიცშესთვის ძალაუფლების ნება და მარადიული კვლავდაბრუნება ქმნიან სამყაროს ერთიან ონტოლოგიურ სტრუქტურას, სადაც ყოფნა აღიქმება არა სტატიკურად, არამედ როგორც მუდმივი თვითქმნის პროცესი. თუ ძალაუფლების ნება წარმოადგენს სიცოცხლის შინაარსს, ენერგიასა და იმპულსს, რომელიც ყველაფერს ამოძრავებს, მარადიული კვლავდაბრუნება განსაზღვრავს ყოფნის ფორმას , უსასრულო ციკლს , რომელშიც ეს ნება ყოველთვის თავიდან იბადება. ამ კონტექსტში ყოფნა არის მუდმივი დაბრუნება თავის თავთან, საკუთარი სიბრტყით დროის უსასრულო მოძრაობაში. სწორედ აქ იკვეთება ნიცშეს ფილოსოფიის შემდეგი მნიშვნელოვანი განზომილება, დროის გაგება. ნიცშესთვის დრო არ არის მხოლოდ მოვლენათა თანმიმდევრობა, არამედ ყოფნის თავად ფორმა, რომელშიც ძალაუფლების ნება და მარადიული დაბრუნება იძენენ ონტოლოგიურ მნიშვნელობას. შესაბამისად, დრო ნიცშესთან წარმოადგენს არა უბრალოდ საზომ კატეგორიას, არამედ თვით არსებობის ფუნდამენტურ საფუძველს.
დროის გაგება მარადიული კვლავდაბრუნების კონცეფციაში წარმოადგენს არა მხოლოდ ფიზიკურ, ან მათემატიკურ განზომილებას, არამედ ყოფის შინაგან წესრიგს. აქ, დრო აღარ აღიქმება, როგორც ხაზობრივი სვლა წარსულიდან მომავალში, არამედ როგორც ბრუნვა, არსებობის ციკლური რიტმი, რომელიც საკუთარ თავში იკვრება. ამ ხედვაში ყოველ მომენტს აქვს იგივე ონტოლოგიური მნიშვნელობა, რაც მთლიან ყოფას: ყოველი წამი შეიცავს მარადისობას, რადგან ყოველივე, რაც არსებობს, კვლავ განმეორდება იგივე ფორმითა და ინტენსივობით. მარადიული კვლავდაბრუნების დრო არის დრო, რომელიც არ მიიწევს წინ, არამედ მუდამ ბრუნდება საკუთარ საწყისთან, რითაც თავად არსებობას ანიჭებს მარადიულობას. ამგვარად, დროის ონტოლოგიური გაგება აქ წარმოადგენს ყოფის ფორმას, სადაც დასაწყისი და დასასრული ერთიანდება უწყვეტ წრებრუნვაში.
ნიცშეს შემთხვევაში დრო არის არა მხოლოდ სამყაროს ფონური სტრუქტურა, არამედ ყოფის ონტოლოგიური პრინციპი, ციკლური, თვითდამმტკიცებელი და მარად მოქმედი. ამ დროს გაგებაში ცხოვრების ყოველი წამი მთლიანობის გამოხატულებად იქცევა, ხოლო არსებობა მარად დაბრუნებად თავის თავთან:
„ყოველი მიდის, ყოველი ბრუნდება; მარად ბრუნავს ბორბალი ყოფისა. ყოველი კვდება, ყოველი კვლავ ჰყვავის, მარად რბის წელი ყოფისა.
ყოველი წარხდების, ყოველი ახლად ეწყობა; მარად შენდება იგივე სახლი ყოფისა. ყოველი განიყრება. ყოველი ახლად შეიყრება; მარად ერთგულია თავისა წრე ყოფისა.
ყოველი წუთი ყოფის დასაბამია ; ყოველი "აქ"-ას ირგვლივ ტრიალებს ბურთი "იქ". შუაგული ყოველგან არის. მრუდეა ბილიკი მარადისობისა" (ნიცშე, 2024 , გვ 216)
ნიცშესთვის არ არსებობს ტელეოლოგია, მისთვის მიუღებელია დროის ქრისტიანული, თუ ჰეგელიანური გაგება. იგი დიდი წინააღმდეგია პლატონისეული მეტაფიზიკისაც, რადგანაც „ნამდვილი სინამდვილე“ მისთვის ქმნადი, დროში არსებადი სინამდვილეა: „ჩვენ მოვიგონეთ ცნება მიზანი - რეალობას აკლია მიზანი“ (იეშკე , 2019 ,გვ 206) . დრო ნიცშესთვის ყოფიერების არსებითი ნიშანია, ყოფიერება კი ქმნადობაა. სამყაროს შესახებ იგი წერს: „ის არ არის რაც ხდება, არც ის რაც ქრება. ან ორივე. ის ხდება, ის ქრება, მაგრამ, მას არასდროს დაუწყია „ხდომა“ და არასდროს შეუწყვეტია „ქრობა“, იგი ორივეში ინარჩუნებს თავს“ (Nietzsche, 1968, გვ.583). შესაბამისად ნიცშესთვის არ არსებობს მყოფობა, როგორც უძრაობა. მისთვის სამყარო არასდროს შექმნილა და მიიჩნევს რომ სამყაროს შექმნის ამბავი საუკუნეებიდან მოყოლებული რუდიმენტული ნარჩენია, რომელიც ძირითადად ქრისტიანობას უკავშირდება. „წარსულში სამყაროს დროის უსასრულობის“ ( regressus in infinitum) თეორია ნიცშესთვის ჭეშმარიტება იყო, რომლის უარყოფასაც მხოლოდ ის ადამიანები ცდილობდნენ, ვისაც თავისა და კუდის ერთმანეთისგან გარჩევა არ შეეძლოთ (Nietzsche, 1968, გვ.583). შესაბამისად ნიცშესთვის არ არსებობს არც დასაწყისი და არც დასასრული, რადგანაც სამყაროს თუ რაიმე ეკვილიბრიუმისთვის, დასასრულისთვის უნდა მიეღწია ეს უკვე უნდა მომხდარიყო, რადგანაც „თუ სამყაროში ენერგიის რაოდენობა საბოლოოა და დრო უსასრულო — მაშინ ყოველი ფორმა უნდა განმეორდეს უსასრულოდ.“ (Nietzsche, 1968, გვ.584) . და რაც არ იცვლება, რაც წარუვალია, ზარატუსტრასთვის მხოლოდ სიმბოლოებია და არა სინამდვილე, რის გამოც ღმერთი თავისი უცვლელი იმპერატივებით, მხოლოდ და მხოლოდ ქმნადობის, შესაბამისად ყოფიერების შემბორკავი ძალაა (ბუაჩიძე) . ნიცშე ამ მიმართულებითაც თავს ჰერაკლიტეს მოსწავლედ მიიჩნევდა, რომელიც ასევე უმთავრეს როლს ქმნადობის პრინნციპს ანიჭებდა . ის რაც, უსასრულობაში ერთელ ხდება, უსასრულოდ უნდა განმეორდეს, რაზეც ზარატუსტრა საუბრობს ჯუჯასთან დიალოგში:
„ამ ჭიშკრიდან წუთისა გრძელი, მარადი გზა რბის უკნით: ჩვენ უკან მარადისობაა.
განა ყოველს, რასაც ვლა ძალუძს, არ უნდა განევლო ერთხელ ეს გზა? განა ყოველი, რაც ჯერ არს ყოფად, არ უნდა ყოფილიყო, ქმნილიყო, განვლილიყო?
და უკეთუ ყოველი იქმნა: რას ჰფიქრობ, ჯუჯა, ამა წუთისათვის? ეს ჭიშკარიც განა უკვე ერთხელ აქ არ უნდა ყოფილიყო?
რადგან რასაც სვლა ძალუძს: ამა გრძელი გზით წინ კვლავ უნდა გავლოს!" (ნიცშე , 2024 , გვ 153-154)
„ჭიშკარი წუთისა“ სიმბოლურად აღნიშნავს იმ ერთსულოვან მომენტს, სადაც აწმყო, წარსული და მომავალი ერთმანეთს ერწყმის:
"ესე გრძელი გზა უკან : იგი მთელი მარადისობა გრძელდება. იგი გრძელი გზა წინ - იგი მეორე მარადისობაა
ესე ეწინააღმდეგებიან ურთიერთს, ეს გზები; იგინი ერთმანეთს ეხლებიან: - და აქ, ამ ჭიშკართან, ერთდებიან. სახელი ჭიშკრისა მაღლით სწერია: "წუთი"." (ნიცშე , 2024 , გვ 153)
რადგანაც, მარადისობა ორივე მხარესაა, ჩვენ უკანაც და წინაც, რადგან დრო წრიულად ბრუნავს და ყოველივე, რაც ოდესმე ყოფილა, კვლავ უნდა განმეორდეს. ყველაფერი იმდენად მჭიდროდ არის გადახლართული, რომ ერთი მომენტის განმეორება გულისხმობს მთელი არსებობის განმეორებასაც. აქედან გამომდინარე, დრო აღარ არის ხაზოვანი მსვლელობა, არამედ ყოფიერების შინაგანი წრე: „ ყოველი ჭეშმარიტება მრუდეა. თვით დროც წრეა“ (ნიცშე , 2024, გვ 153) . თუ დრო არ არის ხაზოვანი და არ არსებობს არც მისი დასაწყისი, არც დასასრული, მაშინ ყოველივე არსებულიც ვერ იქნება უნიკალური, ერთხელ მოხდენილი მოვლენა. უსასრულო დროში ყველა შესაძლო მდგომარეობა აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა განმეორდეს, სამყაროში უკვე ყველა შესაძლებლობა უსასრულოდ უნდა გათამაშებულიყო, მომხდარიყო და ეს პროცესი მარადიულად გრძელდება და გაგრძელდება რადგანაც არ მიღწეულა ეკვილიბრიული და ვერც მიიღწევა უკვე ნათქვამიდან გამომდინარე, რომ თუ იგი მიღწევადი იყო უსასრულო დროიდან და მოცემული, უცვლელი რაოდენობის ენერგიიდან გამომდინარე იგი უკვე უნდა მიღწეულიყო (Nietzsche, 1968, გვ 546-550).
საბოლოოდ, ნიცშეს დროის ონტოლოგია წარმოაჩენს ყოფიერებას როგორც უსასრულო დინამიკას, რომელშიც არც დასაწყისი არსებობს და არც დასასრული. დრო მისთვის არ არის ხაზოვანი პროცესი, არამედ ბრუნვის ფორმა, რომლის ყოველი წერტილიც მარადიულია. ამგვარად, ყოფნა და დრო ერთმანეთს ემთხვევა, ყოფნა არის დროის მუდმივი თვითგამეორება, ხოლო დრო არის ყოფიერების შინაგანი სტრუქტურა. მარადიული კვლავდაბრუნება ამტკიცებს, რომ ყოველი არსება, მოვლენა და მომენტი უსასრულოდ იბადება და ქრება ერთსა და იმავე წრეში. ამიტომ ნიცშეს ფილოსოფიაში დრო არ არის ცვლილების საზომი, არამედ თვით ყოფიერების მარადიული მოძრაობა, რომლის საზღვარი თვითონვეა: „ მყოფის მიზანი არის თავის თავში ყოფნა“ (ლელაშვილი, 2019, გვ. 2236). ნიცშეს ეს დამოკიდებულება დროსთან ძალიან ახლოსაა ჰაიდეგერის ფილოსოფიასთან, რომლისთვისაც დრო არ არის უბრალოდ ფიზიკური განზომილება ან სამყაროს თვისება, არამედ ის არის ჰორიზონტი, რომელშიც ყოფნა საერთოდ შეიძლება გაიაზროს. ადამიანი, როგორც „მუნყოფიერი („Dasein“) არის ის არსება, რომელსაც თავის არსებობა დროის საშუალებით ესმის, წარსული, აწმყო და მომავალი მისთვის ერთიანად შეერთებულია, როგორც „ყოფნის ექსტატიკური ერთობა“. ჰაიდეგერისთვის დრო არ ბრუნავს ფიზიკურად, მაგრამ განსაზღვრავს არსებობას როგორც მუდმივად განმეორებად შესაძლებლობას, ყოველი მომენტი შეიცავს წარსულის გადმონაშთს და მომავალის ნაწილაკს: „ მომავალი უფრო გვიან როდია, ვიდრე ყოფილობა და ეს კი უფრო ადრე, ვიდრე აწმყო“ ( ჰაიდეგერი, 2019 , გვ350). ჰაიდეგერის ეს მიდგომა, თავის მხრივ ახლოა ანრი ბერგსონის „ხანიერობასთან“ , სადაც წარსული, აწმყო და მომავალი არ არის განცალკევებული ეტაპები, არამედ ერთი უწყვეტი მოძრაობის სხვადასხვა ტონალობები. შესაბამისად, ყოველი აწმყო მომენტი შეიცავს წარსულის მთლიანობას, ხოლო მომავალი უკვე ფორმირდება ამ უწყვეტობაში (უზნაძე, 1920 , გვ. 105-110) .
ნიცშეზე როგორც ჩანს დიდი ზეგავლენა მოახდინა, არა მხოლოდ შოპენჰაუერის ნებამ , არამედ მისმა დროის ონტოლოგიამაც , რადგანაც " სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა " , როგორც პირველი , ასევე მეორე ტომი დახუნძლულია მომენტებით, რომელიც მარადიულ კვლავდაბრუნების იდეას, კონკრეტულად კი მის დროის ონტოლოგიას მიესაბამება და შეიძლება ითქვას რომ საკითხის უკეთეს აღქმასაც კი გვაძლევს ვიდრე თავად ნიცშე. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის რომ შოპენჰაუერი უარყოფდა ტელეოლოგიას და დროის ციკლური აღქმა მიაჩნდა ჭეშმარიტად: " მუდამ და ყველგან ბუნების ნამდვილ სიმბოლოს წარმოადგენდა წრე, რადგან იგია სქემა კვლავდაბრუნებისა: ფაქტობრივად იგი წარმოადგენს ყველა საყოველთაო ფორმას ბუნებაში, რომელიც ყველგან ვლინდება“ (შოპენჰაუერი,2024, გვ 467) . შოპენჰაუერი მკვეთრად უარყოფს ტელეოლოგიურ მსოფლმხედველობას, რომელიც სამყაროს მიზანმიმართულად და გონივრულად მოწყობილ სისტემად აღიქვამს. მისი აზრით, ტელეოლოგია არის ადამიანური ცნობიერების ილუზია, რომელიც მიზეზობრიობის კატეგორიას ავრცელებს იქ, სადაც მიზეზი და მიზანი საერთოდ არ არსებობს. სამყაროს საფუძველი „ნება“ ბრმაა, ირაციონალური და მიზნის გარეშე მოქმედი შინაგანი ძალაა, რომელიც უსასრულოდ მიისწრაფის საკუთარ თვითგამოხატვამდე, მაგრამ არასოდეს აღწევს საბოლოო მიზანს. ამიტომ ბუნებაში არსებულ წესრიგს არ ახლავს მიზნობრივი განზრახვა, არამედ მხოლოდ ფენომენური კანონზომიერება, რომელიც წარმოშობილია ჩვენი ცნობიერების მიერ (შოპენჰაუერი, 2024, გვ 323-338).
არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიაში დროის კონცეფცია განსაკუთრებულ ონტოლოგიურ მნიშვნელობას იძენს, რადგან იგი უარყოფს დროის ტრადიციულ დაყოფას წარსულად, აწმყოდ და მომავლად. შოპენჰაუერისთვის არსებობს მხოლოდ „წარუვალი ახლა“ , რომელიც წარმოადგენს ყოფიერების ერთადერთ რეალურ განზომილებას. ბუნება და სამყარო მისთვის არის სიცოცხლისადმი ნების გამოვლინება, ხოლო ამ გამოვლენის ფორმები დრო, სივრცე და მიზეზობრიობა მხოლოდ ფენომენურ დონეზე გვევლინება. როგორც ის აღნიშნავს: „ნებების გამოვლენის ფორმა, მაშასადამე, სიცოცხლის ფორმა ან საკუთრივ რეალობისა მხოლოდ აწმყოა... აწმყოა ყოველი სიცოცხლის ფორმა“ (შოპენჰაუერი,2016, გვ 317). აწმყო კი, შოპენჰაუერის განმარტებით, არის ობიექტის ის შეხების წერტილი, რომლის ფორმაც არის დრო, სუბიექტთან, რომელსაც არ გააჩნია საკუთარ ფორმად საფუძვლის კანონის რომელიმე სახეობა, რეალური ობიექტები კი მხოლოდ აწმყოში არსებობენ, არ არსებობს არავითარი წარსული და მომავალი, ამიტომაც ეს „ახლა“, იმოტომაა „ახლა“ და არა „ სხვა დროს“, რომ აწმყოა ერთადერთი სიცოცხლის გამოვლენის ფორმა და იგი არსად არ იკარგება, ამიტომაც სამყაროს ყოველი განვლილი წამი არსებობს როგორც აწმყო უსასრულოდ, მარადიულად. შესაბამისად, შოპენჰაუერი ამბობს: „ რა იყო?-რაც არის. - რა იქნება? - რაც იყო. და გავიგოთ ეს სიტყვები მკაცრი გაგებით, მაშასადამე, გავიგოთ ეს არა როგორც მსგავსი, არამედ როგორც იგივე. რადგან ნებისათის უეჭველია სიცოცხლე, სიცოცხლისათვის - აწმყო...ერთხელ და სამუდამოდ ვარ აწმყოს მბრძანებელი და სამარადისოდ იქნება ის ჩემი თანმხლები“ (შოპენჰაუერი, 2016, გვ. 318). შოპენჰაუერის ეს მსჯელობა შესანიშნავი მტკიცებაა მარადიული კვლავდაბრუნებისა. მისი გაგებაც მარადიულობისა იდეალურად ერგება მარადიული კვლავდაბრუნების იდეას. შოპენჰაუერს მარადიულობის სქოლასტიკური განმარტების მიმდევარი იყო, რომლის მიხედვითაც მარადისობა ეს არ არის თანმიმდევრობა სასრულისა და საწყისის გარეშე, არამედ წარუვალი ახლა, ანუ ჩვენ, შოპენჰაუერსა და ნაპოლეონს გააჩნია ერთი და იგივე ახლა, ამიტომაც ყოველივე წარუვლად არსებობს (შოპენჰაუერი, 2016, გვ. 319). საბოლოოდ, შოპენჰაუერის მსჯელობა შემეგია, სიცოცხლისადმი ნებისათვის სიცოცხლე აუცილებელია, სიცოცხლის ერთადერთი ფორმა უსასრულო აწმყოა, ამიტომაც ნება საკუთარ თავს ავლენს უსასრულო აწმყოში. მაგრამ რა იწვევს იმას რომ ადამიანს არ აქვს მარადიულობის განცდა და დროს ლინეარულად აღიქვამს?
შოპენჰაუერის პასუხი ამაზე, ისევე როგორც კანტის, ანრი ბერგსონის თუ სპინოზასი, თავად დრო იყო, ადამიანის ინტელექტის ფორმა და ჩარჩო. აწმყოს მასალა ყოველთვის ერთი და იგივეა, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ აწმყო მხოლოდ ერთია და ის სულაა, რადგანაც იგია ფორმა ერთადერთი ყოფიერებისა. „ ყველა ხდომილება და სცენები ადამიანისა...ყველაზე უფრო ნაირფერი მრავალგავრობითა და ცვლილებებით წარმოაჩენენ თავს, როგორც ერთიანად და თანადროულად და მუდამ მოცემულნი, წარუვალ აწმყოში.“ (შოპენჰაუერი,2024, გვ 471).
მარადიული კვლავდაბრუნების იდეა და მისი დროის ონტოლოგია მჭიდრო კავშირშია გარკვეული თავდაპირველი აუცილებლობის არსებობაზე, რომელზეც დაფუძნებულია თითოეული ადამიანი თუ მოვლენა. ამ აუცილებლობის შესამეცნებლად საჭიროა ადამიანმა გაიაზროს რომ ვიდრე იგი იარსებებდა გაიარა უსასრულო დრომ, მაშასადამე ცვლილებათა უსასრულობამ უკვე განვლო, მაგრამ იგი ამის მიუხედავად აქაა და ყოველივეს არსებობა აუცილებლობითაა განპირობებული, რამეთუ ყოველი პირობათა ყოველი შესაძლებლობა ისე განხორციელდა რომ ყველაფერი რაც არსებობაშია კონკრეტული აღქმის მომენტში არსებობს. " რამეთუ უსასრულობა უკვე ჩავლილი დროისა, მასში არსებული ხდომილებების შექმნილი შესაძლებლობებით, აწინამძღვრებს, რომ რაც არსებობს აუცილებლობით არსებობს" (შოპენჰაუერი, 2024, გვ 479). და აზრთა ამ წყობაშია მტკიცებულება ჩვენი საკუთარი არსების მარადიულობისა. ამდენად, იქიდან გამომდინარე რომ ახლა ვარსებობთ, გამომდინარეობს ის რომ ყოველთვის უნდა ვარსებობდეთ წარუვალ ახლაში, ვინაიდანაც ჩვენ იმ სამყაროს ნაწილი ვართ რომლისთვისაც წარსული, აწმყო და მომავალი არ არის საზღვრები, არამედ იგი ყველაფერს მოიცავს და ჩვენთვის როგორც მისი ნაწილისთვის შეუძლებელია ამ სამყაროდან ამოვარდნა, რადგან ყოველი მოვლენა აუცილებლობით გამომდინარეობს ღმერთის ბუნებიდან: „ ღვთიური ბუნების აუცილებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს საგანთა უსასრულო სიმრავლე, უსასრულო სახეცვლილებებით (რაშიც იგულისხმება ყველაფერი, რაც უსასრულო ინტელექტმა შეიძლება მოიცვას)“ (სპინოზა, 2024, გვ23) . ამიტომაც უნდა ვიცოდეთ რომ ის რაც აუცილებლობით ერთხელ სინამდვილედაა მოცემული, შეუძლებელია იგი არარად იქცეს უსასრულო დროში. ხოლო, " რაც ობიექტურად უსასრულო დროის მსვლელობას ქმნის, სუბიექტურად წერტილია, დაუნაწილებელი მუდამჟამს აწმყოფი აწმყო" (შოპენჰაუერი, , 2024, გვ. 480), რაც გადმოცემული აქვს კანტს დროის იდეალურობისა და ნივთი თავისთავადია ერთადერთი რეალირობის სწავლებაში (კანტი, 2023, გვ 56-69).
საბოლოოდ, დასაწყისი, წარსული, აწმყო თუ მომავალი არის ცნებები და მნიშვნელობები, რომელთან არსი მხოლოდ დროისგან აქვთ მიღებული და შესაბამისად მხოლოდ მისი არსებობის წინაპირობით არიან მოქმედნი, მაგრამ რადგანაც დრო არ არის თავისთავად აბსოლუტურად არსებული, მაშინ იგი არ არის თავად საგნების ფორმა, არამედ მხოლოდ ადამიანის შემეცნების სახე, რომელიც ყოფს ყოველივეს სუბიექტად და ობიექტათ, როდესაც თავად სამყაროსთის არ არსებობს ამდაგვარი დაყოფა, ამდაგვარად მარადიულობა ეს მხოლოდ და მხოლოდ არადროითი არსებობის გამოხატვაა, დრო კი ბრალოდ ხატია მარადისობისა.
დროის ონტოლოგიის საკითხის ანალიზი გვაჩვენებს, რომ დრო არ შეიძლება აღიქმებოდეს მხოლოდ როგორც რაოდენობრივი, ან ფიზიკური პარამეტრი, იგი წარმოადგენს თვით ყოფიერების არსებით ფორმას, რომლის გარეშე არც არსება და არც ცვლილება ვერ მიიღებს მნიშვნელობას. მარადიული კვლავდაბრუნების კონცეფცია ამ ჭრილში წარმოაჩენს დროის მეტაფიზიკურ ერთიანობას: აქ წარსული, აწმყო და მომავალი არ არიან განცალკევებული ეტაპები, არამედ ერთი და იმავეშ არსობრივი მოვლენის სხვადასხვაგვარი გამოხატულებები. ამგვარად, დრო არც მხოლოდ მიმდინარეობაა და არც მხოლოდ წერტილი, იგი არის წარუვალი ციკლი, სადაც ყოველი მომენტი წარმოადგენს მარადიულობის ნაწილს. სწორედ ამ კუთხით, დროის ონტოლოგია გვიხატავს სამყაროს არა როგორც შემთხვევითობას, არამედ როგორც მუდმივად განმეორებად მთლიანობას, სადაც არსებობა თავის თავში უკვდავია, ხოლო ყოველივე, რაც იყო და იქნება, მარადიულად არსებობს ერთსა და იმავე აწმყოში და ამ ყოველივეს შემდეგ „ ვგრძნობთ და განვიცდით, რომ მარადიულები ვართ“ (სპინოზა, 2024, გვ 302).
ბიბლიოგრაფია
feelnopain.it. (2023, 10 21). feelnopain.it. Retrieved from: https://www.feelnopain.it/en/blog/the-ouroboros-history-meaning-and symbolism/?srsltid=AfmBOoqLRCCPhR0y___Erm4qNoShsYdQ80zPpFMUA58Q0Yqby-VRP5Tb
Nietzsche, F. (1968). will to power. new york: A DIVISION OF RANDOM HOUSE.
ბუაჩიძე, თ. (2013). თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის სათავეებთან. თბილისი: carpe diem.
გოგიბერიძე, მ. (n.d.). რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი III. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
დოსტოევსკი, ფ. (2019). ძმები კარამაზოვები. თბილისი: პალიტრა L.
კანტი, ი. (2023). წმინდა გონების კრიტიკა. თბილისი: carpe diem.
ლელაშვილი, თ. (2019). ნიჰილიზმის გადალახვის მცდელობა ნიცშეს ფილოსოფიაში. In თ. გ. მ. ბერიაშვილი, კულტურა რელიგია ფილოსოფია (p. 236). თბილისი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
მ. ბერიაშვილი, თ. კ. (219). კულტურა რელიგია ფილოსოფია. In ვ. იეშკე, ნიცშეს სამყაროს ცნება (p. 206). თბილისი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
რ.გორდეზიანი , გ.თევზაძე ,მ.ნემსაძე , მ.ჭელიძე (1993). ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში.თბილის.განათლება
ნიცშე, ფ. (2021). სიკეთისა და ბოროტების მიღმა. თბილისი: აქტი.
ნიცშე, ფ. (2024). ecce homo. თბილისი: აქტი.
ნიცშე, ფ. (2024). ესე იტყოდა ზარატუსტრა. თბილისი: პალიტრა L.
პოპიაშვილი, ა. (1988). ინდივიდის პრობლემა ს.კირკეგორისა და ფ.ნიცშეს ფილოსოფიაში. თბილისი: მეცნიერება.
რასელი, ბ. (2023). დასავლური ფილოსოფიის ისტორია წიგნი პირველი. თბილისი: ibooks.
სპინოზა. (2024). ეთიკა. თბილისი: carpe diem.